თბილისი, 13 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო საქართველოში ბოლო წლებში ჯანდაცვის ბიუჯეტის გაზრდით ამაყობს. ამის შესახებ მან ბუდაპეშტში ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული კომიტეტის 67-ე სხდომაზე განაცხადა.
სხდომაში, რომელიც 11-14 სექტემბერს მიმდინარეობს, მონაწილეობენ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის 53 წევრი სახელმწიფოს ჯანდაცვის მინისტრები, ასევე პარტნიორი ორგანიზაციები და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები. კომიტეტის სესიაზე სიტყვით ასევე გამოვიდა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ნინო ბერძული, რომელმაც ქვეყანაში თამბაქოს წინააღმდეგ ბრძოლის სტრატეგიაზე გაამახვილა ყურადღება.
"პრაქტიკა აჩვენებს, რომ ჯანდაცვაში გაწეული ხარჯები არ არის მხოლოდ დახარჯული ფული. ეს პირდაპირი ინვესტიციაა ქვეყნის ეკონომიკაში", — განაცხადა დავით სერგეენკომ სხდომაზე.
მინისტრმა აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობამ ჯანდაცვის ბიუჯეტი 2012 წლიდან 2,6-ჯერ გაზარდა და ის ამით ძალიან ამაყობს.
"ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ზრდა, რამაც საშუალება მოგვცა, ხელი შეგვეწყო უამრავი საკითხისთვის", — განაცხადა მან.
მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ მდგრადი განვითარების მიზნების ეპოქაში საუბარი ეხება ჯანდაცვის სისტემის მართვის გაუმჯობესებას, გათვალისწინებული უნდა იყოს ათასი ფაქტორი, რომლებიც ამ საკითხზე ახდენს გავლენას. სერგეენკომ გამოყო სამი მიმართულება: პოლიტიკური ნება, ხარჯების ეფექტურობა და მდგრადი განვითარების მიზნები.
მინისტრის თქმით, ჯანდაცვაში არ არსებობს მეორადი პრიორიტეტები, ვერავინ გამოყოფს – რომელი პრიორიტეტია უფრო მნიშვნელოვანი — ფსიქიკური თუ ფიზიკური ჯანმრთელობა, გადაუდებელი დახმარება თუ ვაქცინაცია.
"ჯანდაცვის პირამიდის საფუძველს წარმოადგენს პირველადი ჯანდაცვა და მისი გაძლიერება. პირველადი ჯანდაცვა არის გასაღები, რომელიც საშუალებას გვაძლევს, ადრეულ სტადიაზე დავძლიოთ დაავადებები, თავიდან ავიცილოთ გართულებები, დიდი დანახარჯები და ცხოვრებისა და ჯანმრთელობის გაუარესება", — განაცხადა სერგეენკომ.
დასასრულ სერგეენკომ განაცხადა, რომ უერთდება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალური დირექტორის ტედროს ადჰანომ გებრეიესუსისა და საბერძნეთის პრემიერ-მინისტრ ალექსის ციპრასის სიტყვებს, რომ ჯანდაცვა ნამდვილად არ არის ფუფუნება, ეს არის თითოეული ადამიანის უფლება.
ევროპის რეგიონული კომიტეტი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელი ორგანოა ევროპაში. ის რეგიონის წევრი სახელმწიფოების წარმომადგენლებისგან შედგება, რომლებიც ყოველი წლის სექტემბერში ოთხდღიან სესიაზე იკრიბებიან.