თბილისი, 11 სექტემბერი — Sputnik. საქართველო ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონალური კომიტეტის 67-ე სხდომაში მონაწილეობს, ნათქვამია საქართველოს შრომის, ჯანმრთლობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ვებ-გვერდზე.
სხდომაში, რომელიც ბუდაპეშტში 11-14 სექტემბრის პერიოდში ტარდება, მონაწილეობას იღებენ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის 53 წევრი ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრები, ასევე პარტნიორი ორგანიზაციები და სამოქალაქო საზოგადოეის წარმომადგენლები. კომიტეტის სესიაზე მოხსენებით გამოვიდა საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ნინო ბერძული, რომელმაც ყურადღება გაამახვილა ქვეყანაში თამბაქოსთან ბრძოლის სტრატეგიაზე.
ბერძულმა აღნიშნა, რომ საქართველო თამბაქოს მოხმარების წინააღმდეგ მნიშვნელოვან ნაბიჯს 2018 წლის 1 მაისს გადადგამს, როდესაც ძალაში შევა კანონი, რომელიც საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში მოწევის სრულ აკრძალვას ითვალისწინებს. გამონაკლისს წარმოადგენს ბარების და რესტორნების ღია ვერანდები და ტერასები, ქუჩა, სამორინე, საპატიმრო დაწესებულებები, ფსიქიატრიული დაწესებულებები და სიგარა-ბარები. ხოლო ღია სტადიონებზე და სასტუმროების ნომრებში მოწევა 2020 წლის 1 იანვრამდეა ნებადართული.
„მთავრობა სრულ მზადყოფნაშია, რომ საქართველოში დაინერგოს ეს კანონი. საქართველო არჩეულ იქნა იმ 15 ქვეყანას შორის, რომელსაც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია და FCTC სამდივნო თამბაქოსთან ბრრძოლაში დაეხმარება", — აღნიშნა ბერძულმა.
ევროპის რეგიონალური კომიტეტი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელი ორგანოა. ის რეგიონის წევრი სახელმწიფოების წარმომადგენლებისგან შედგება, რომლებიც ყოველი წლის სექტემბერში, ოთხდღიან სესიაზე იკრიბებიან
საქართველოში თამბაქოს წინააღმდეგ ბრძოლა აქტიურად 2016 წელს დაიწყო. საქართველოს პარლამენტის ჯანდაცვის საკითხთა კომიტეტის მონაცემებით, ქვეყანაში მოსახლეობის 33% მწეველია.