თბილისი, 12 სექტემბერი – Sputnik. კახეთის რეგიონში არსებული ღვინის კომპანიები მზად არის მოსახლეობისგან შეუფერხებლად მიიღოს და გადაამუშაოს სეტყვისგან დაზიანებული ყურძენი, განაცხადა საქართველოს ღვინის ეროვნული სააგენტოს დირექტორმა გიორგი სამანიშვილმა.
სამანიშვილი „რთველი-2017“-ის საკოორდინაციო შტაბს ხელმძღვანელობს.
„ძლიერმა სეტყვამ კახეთის რეგიონში მნიშვნელოვნად დააზიანა სხვადასხვა სოფლის ვენახები. როგორც სახელმწიფო, ისე კერძო სექტორის ღვინის კომპანიები მზად არიან მოსახლეობისგან შეუფერხებლად მიიღონ და გადაამუშაონ სეტყვისგან დაზიანებული ყურძენი“, — აღნიშნა სამანიშვილმა.
მან აღნიშნა, რომ რთველის პროცესში 77 ღვინის კომპანია ჩაერთო.
ის ღვინის კომპანიები, რომლებიც სეტყვით დაზიანებულ ყურძენს საბრენდე სპირტის წარმოების მიზნით სულ მცირე 0,70 ლარად შეისყიდიან, სახელმწიფოსგან დამატებით 0,35 ლარს მიიღებენ.
ორშაბათს სეტყვამ დააზიანა ვენახები ახმეტაში, თელავის, ყვარლის და ლაგოდეხის რაიონებში. „რთველი-2017“-ის შტაბის წარმომადგენლები მთელი ღამის განმავლობაში ვითარებას ადგილზე სწავლობდნენ.
მსგავსი სიტუაცია შეიქმნა მიუხედავად იმისა, რომ სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრ „დელტას“ სპეცილაისტებმა დიდი ზომის სეტყვასაშიში ღრუბლები რეგიონის ექვს რაიონში დაშალეს. როგორც ორგანიზაციაში აღნიშნავენ, მათი მუშაობის შედეგად გაცილებით დიდი ზარალის აცილება მოხერხდა.
სეტყვის საწინააღმდეგო სისტემა კახეთში 2015 წელს დამონტაჟდა. მას შეუძლია სეტყვასაშიში ღრუბლების აღმოჩენა და მისი განეიტრალება საწყის სტადიაზე.