თბილისი, 11 სექტემბერი — Sputnik. ბაგრამის საავიაციო ბაზიდან 5 კილომეტრში მომხდარი აფეთქების შედეგად სამშვიდობო მისია „მტკიცე მხარდაჭერაში“ მონაწილე საქართველოს შეიარაღებული ძალების კაპრალი ზაურ კომახიძე დაშავდა, ნათქვამია თავდაცვის სამინისტროს ვებ-გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.
დაშავებული საქართველოს შეიარაღებული ძალების II ქვეითი ბრიგადის 23-ე მსუბუქი ქვეითი ბატალიონის სამხედრო მოსამსახურეა.
„დაშავებულ მშვიდობისმყოფელს მსუბუქი ბაროტრავმა აღენიშნება და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ამ დროისათვის ქართველი სამხედრო მოსამსახურე ბაგრამის საავიაციო ბაზის სამხედრო ჰოსპიტალშია გადაყვანილი, სადაც მას საჭირო კვლევები უტარდება“, — ნათქვამია განცხადებაში.
სავარაუდოდ, კაპრალი ჰოსპიტალს ხვალ დატოვებს.
ნატოს სამშვიდობო მისია „მტკიცე მხარდაჭერა" (Resolute Support) ავღანეთში 2015 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდა. 2015 წლის დასაწყისში ქაბულში, ყანდაგარში, გერათში, მაზარი-შარიფში 12 000 სამხედრო განთავსდა. ქართული მხრიდან მისიაში 870 სამხედრო მონაწილეობს.
გასულ კვირაში ბაგრამის საავიაციო ბაზაზე თვითმკვლელის თავდასხმის შედეგად სამი ქართველი სამხედრო დაშავდა, რომლებიც მკურნალობის კურსს გერმანიაში გადიან.