თბილისი, 11 სექტემბერი — Sputnik. თბილისის მერობის კანდიდატმა მმართველი პარტია "ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველოდან" კახა კალაძემ გლდანის მოსახლეობას არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში თავისი გეგმები გააცნო.
კალაძემ ყურადღება გაამახვილა სოციალურ, ეკოლოგიურ და ინფრასტრუქტურის საკითხებზე.
მისი თქმით, ყოფილი რადიოქარხნის ტერიტორიაზე "რადიოქალაქის" მოწყობა იგეგმება, რომელშიც იქნება სპორტულ-გამაჯანსაღებელი, გასართობი და დასასვენებელი ზონები. გარდა ამისა, მან დენდროლოგიური პარკის მოწესრიგების პირობა დადო.
თბილისის ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით იგეგმება მუნიციპალური ტრანსპორტის განახლება და მეტროს სადგურების რემონტი. ამას გარდა, მერია მხარს უჭერს ინიციატივას ავტომობილების ტექდათვალიერების შემოღების შესახებ, აღნიშნულია "ქართული ოცნების" პრეს-სამსახურის განცხადებაში.
ასევე გრძელდება თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის პროექტის საჯარო განხილვები. დოკუმენტი ადგენს დედაქალაქში მშენებლობების შეზღუდვას, სივრცობრივ შეზღუდვებს, გამწვანებულ ტერიტორიებს, სკვერებსა და ლანდშაფტის დაცვის ზონებს.
თბილისის მერს დედაქალაქის მოსახლეობა 21 ოქტომბერს აირჩევს. ამ დღეს ჩატარდება ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები საქართველოში.
მერის პოსტისთვის ბრძოლას აპირებენ ასევე ზაალ უდუმაშვილი ("ერთიანი ნაციონალური მოძრაობა"), ელენე ხოშტარია ("ევროპული საქართველო — მოძრაობა თავისუფლებისათვის"), თენგო შერგელაშვილი ("შენების მოძრაობა"), ირმა ინაშვილი ("საქართველოს პატრიოტთა ალიანსი"), კახა კუკავა ("გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობა", "დემოკრატიული მოძრაობა — ერთიანი საქართველო", "თავისუფალი საქართველო"), გიორგი ვაშაძე ("ახალი საქართველო"), ალექსანდრე ელისაშვილი (დამოუკიდებელი კანდიდატი).