სულ ახლახან, ცნობილი ჟურნალისტი, მწერალი და არატრადიციული მედიცინის წარმომადგენელი, თამაზ ჭეიშვილი ნორვეგიის ერთ კლინიკაში მიიწვიეს სამუშაოდ. ბატონი თამაზისთვის ეს არ იქნება პირველი ემიგრაცია. ჩვენ დავუკავშირდით მას და ვთხოვეთ მოეთხრო, თუ რა შემოთავაზებაზეა საუბარი. ამასთან ვისარგებლეთ შემთხვევით და ვთხოვეთ, მისი ემიგრაციაში ცხოვრების რომელიმე უჩვეულო და საინტერესო ამბავი მისთვის ჩვეული იუმორით გაეხსენებინა.
— ბატონო თამაზ, დავიწყოთ იმით, თუ რა მიზნით და ვინ მიგიწვიათ ოსლოში?
— ოსლოში არატრადიციული მედიცინის კლინიკა გახსნა ჩემმა ნაცნობმა, ვისთანაც ადრე სტუმრად ვიყავი. მას მოწვეული ჰყავს სპეციალისტები ჩინეთიდან, იაპონიიდან და სხვა ქვეყნებიდან. მეც შემომთავაზეს და მის წინადადებას დავთანხმდი. წლების წინ როცა ნორვეგიაში ჩავედი, მან დამახვედრა საახლობლო, რომელსაც ვმკურნალობდი. ეს ადამიანი წარმოშობით ნორვეგიელია, პროფესიით ექიმია, ქირურგი. ამ ადამიანის სახელისა და გვარის ხსენება მისი თანხმობის გარეშე არ მინდა. ნორვეგია ძალიან მაგარი ქვეყანაა, ოსლოში ყვავილების ქუჩაზე ვცხოვრობდი. მაშინ ეს კაცი 32 წლის იყო და რეფერალურ საავადმყოფოში განყოფილების გამგე გახლდათ. პირველად 1998 წელს, ავსტრიაში გავიცანი. იქ რადიკულიტი დაემართა და ტკივილი მომენტარულად მოვუხსენი. გაოცდა და მკითხა: კიდევ რა შეგიძლიაო. ჩამოვუთვალე და მათ შორის ვუთხარი, რომ უშვილობასაც ვმკურნალობ მეთქი. მისი მეუღლეც ნორვეგიელი იყო, მათ შვილი არ ჰყავდა. მე ვუჩვენე ვიდეოები, სადაც უშვილო ხალხი ჩემი მკურნალობის დადებით შედეგებზე ლაპარაკობდა.
— როგორც მივხვდი, ეს წყვილი შემდეგ თქვენი პაციენტების რიცხვში აღმოჩნდა, ასეა?
— დიახ, რადგან ამ კაცსაც ჰქონდა ანალოგიური პრობლემა, მთხოვა, რომ სამკურნალო სეანსი მისთვისაც ჩამეტარებინა. მან ჩამოიტანა მონაცემები და დიაგნოზი, თუმცა მანამდე მასაც და მის მეუღლესაც ზუსტად დავუსვი ჩემი დიაგნოზი და ვუთხარი, რაც სჭირდათ. მკურნალობის შემდეგ ამ ცოლ-ქმარს ორი ბავშვი შეეძინა… გადაუჭარბებლად ვიტყვი, რომ ჩემი მკურნალობით ასობით ხალხს ვუშველე და მათ დღეს შვილები ჰყავთ. ამის მერე ეს კაცი სხვა ქვეყანაშიც შემხვდა და ხშირად მირეკავდა.
— თქვენ სამჯერ იყავით ემიგრანტი და სამჯერვე ემიგრანტისთვის შესაშურ პირობებში ცხოვრობდით, რატომ ვერ გაძელით უცხოეთში?
— დიახ, ასეა. ბრაზილიაში, სან-პაულუში ისეთ პირობებში ვცხოვრობდი, რომ ვიცნობდი სან პაულოს მერს, მთავარ პროკურორს და ქრისტიან ქველმოქმედთა ასოციაციის პრეზიდიუმის წევრი ვიყავი. იქ ვცხოვრობდი პაკაემბუს უბანში და ჩვენს წინ სტადიონი იყო, სადაც პელემ პირველად ითამაშა ფეხბურთი. ვინც რიოში ცხოვრობს- მათ კარიოკებს ეძახიან, ვინც სან-პაულუში —პაულისტებს. იქ დონ პაულისტას მეძახდნენ. ბრაზილიაში ყველაფერი ძალიან იაფი ღირდა. ესაა ქვეყანა, სადაც ბენზინის ნაცვლად სპირტს იყენებენ, სან-პაულუში და რიოში სულ სპირტის სუნი დგას. მას ლერწმისგან ხდიან და ავტომობილები სპირტით დადიან. ადგილობრივები მეუბნებოდნენ: შენ ქართველი კი არა- ბრაზილიელი ხარო. მერე ნოსტალგია დამეწყო, ღამეები არ მეძინა. ჩემს ბიჭსაც იგივე დაემართა. სულ მთხოვდა: მამა, საქართველოში წავიდეთო. ჰოდა, წამოვედით…
— ბატონო თამაზ, ვიცი, რომ ემიგრაციაში ყოფნის დროს ათასი რამ გადაგხდათ და ერთი წიგნის საკმარისი მოგონებები დაგიგროვდათ…
— დღეს ჩვენთან უცხოეთის ციხეებზე ათასი ლეგენდა დადის, მე პირადად მინახავს ვენის სატუსაღო და ქართველები, რომლებიც იქ სასჯელს იხდიდნენ, აი, მათი ამბავი მართლა გამორჩეულია… მოკლედ 1997 წელი იყო, როცა ავსტრიაში ციხის უფროსს და მთელ მის ოჯახს ვმკურნალობდი. ერთხელ მითხრა, ჩემთან ქართველები არიან და არ გაინტერესებს მათი ნახვაო? მაჩვენა ვიდეო, რომელზეც ქართველი პატიმარი ბიჭები ვენის ციხეში ქართულ სიმღერას ოთხ ხმაში საოცრად მღეროდნენ. მათ მეგრული „ნანა“ ისე იმღერეს, ტირილი მომინდა. თანაც, როგორი წარმოსადეგი ბიჭები იყვნენ, იცით?! ციხის უფროსმა მითხრა, ეს ბიჭები შაბათ-კვირას სხვადასხვა ადგილებში დამყავს და კონცერტებს ვატარებინებო.
— მათი ისტორიაც ალბათ სხვების მსგავსად იმით დაიწყო, რომ სამუშაო ვერ იშოვეს…
— ნამდვილად ასეა, გერმანიაში წავიდნენ, სამუშაო ვერ იშოვეს და მერე ვიღაცას უთქვამს: ავსტრიაში ჩადითო. როცა ვენაში ჩასულან- დოლარიც არ ჰქონიათ, შიმშილობდნენ და ბაღში ეძინათ. ბიჭებმა მითხრეს: რა გვექნა? კაპიკი აღარ დაგვრჩა, ვიღაც ქართველი შეგვხვდა და გვითხრა: მოდი, ვიტრინა ჩაამტვრიეთ და ერთი წლით ციხეში ჩაგსვამენო. ამათაც დაუჯერეს. ერთი მათგანი პოლიციელთან მივიდა და სამხრე ჩამოახია, პოლიციელი აღშფოთებულა და უკითხავს: რა დაგიშავეთო? ის მაინც არ გაჩერებულა და მერე სხვა პოლიციელებიც გამოიძახეს. ახლა სხვა ქართველებს უთქვამთ ჩვენც წაგვიყვანეთო. თქვენ ვერ წაგიყვანთ, არაფერი დაგიშავებიათ. გადარეულან ბიჭები: რას ჰქვია, არ დაგვიშავებიაო? ეცნენ თურმე და მათაც დაუწყიათ ჩხუბი და პოლიციელისთვის ის მეორე სამხრეც ჩამოუხევიათ. ამის მერე მოხვეტეს ოთხივე და ციხეში წაიყვანეს.
— თქვენ პირადად ნახეთ და მართლა ასეთი კარგი პირობებია ვენის ციხეში, რომ მას ლუქს-ნომრიან სასტუმროს ადარებენ?
— გაითვალისწინეთ, რომ 1997 წელი იყო და ჩვენი ბიჭები ფაქტობრივად იყვნენ ორ-ორ ადგილიან საკან-ლუქსში, სადაც მათ ჰქონდათ: დუშკაბინა, ბიდე, შარკო და ყველაფერი, რაც საჭიროა კომფორტისთვის. რაც გასაკვირია, ვენის ციხეში საკნებს გისოსები არ აქვს. როცა ვკითხე: რატომ მეთქი? პასუხი ასეთი იყო: იმიტომ არა აქვსო, რომ დაკავებულმა ტუსაღებმა სტრესი არ განიცადონო!- წარმოგიდგენიათ?— ციხის ფანჯრებზე მხოლოდ კოღოს საწინააღმდეგო ბადე იყო აკრული. პატიმრები თან მუშაობდნენ და შაბათ-კვირას თუკი ვინმეს ახლობელი ჰყავდა- მათთან მიდიოდნენ, თუ არ გყავდა, სთავაზობდნენ- ხომ არ გსურთ ოპერაში წაგიყვანოთო… პატიმრებს უცხო ენასაც ასწავლიან.
— თქვენ ახსენეთ: ჩვენი ბიჭები მღეროდნენო…
— ეგ ამბავი ანეგდოტივითაა. ერთხელაც ჩვენს ბიჭებს თურმე სიმღერა დაუწყიათ. ციხის უფროსს ძალიან მოწონებია და უთქვამს: რაღა ტყუილად იმღერონ, პენიტენციალურ სისტემაში წავიყვანთ და კონცერტებს ჩავატარებინებთო. ჰოდა, ასეც მოიქცნენ! მას შემდეგ დაგვყავს და კონცერტებს ატარებენო. ბილეთის თანხის 70 %-ს მათ ანგარიშზე ვრიცხავთ, დანარჩენი —ჩვენს ანგარიშზე ირიცხებაო. ჩემი იქ ყოფნის დროს საკანში ვიღაც უნიფორმიანმა თანამშრომელმა ჩამოიარა და ბიჭებმა მათ რაღაცეები ჩააწერინეს. ვიკითხე: რა ხდება მეთქი და არ დაიჯერებთ: თურმე, მეორე დღისთვის მენიუ შეადგინეს!
— ბატონო თამაზ, თქვენი მეოთხე ემიგრაციის შემდეგ, ნორვეგიაშიც ალბათ კიდევ ბევრ ახალ და უჩვეულო ამბავს შეესწრებით…
— ღმერთია მოწამე, რომ ამ ასაკში ემიგრაციაში თუნდაც ლეგალურად წასვლა —არ მინდოდა, მაგრამ სხვა რა გზაა?— ცხოვრება რომ კედელთან მიგაყენებს- გამოსავალი არ გაქვს… ემიგრაციაში კარგი არაფერია. ალბათ გახსოვთ ქაქუცა ჩოლოყაშვილის ფოტო, რომელიც საქართველოშია გადაღებული და ფოტო, რომელიც მას პარიზში გადაუღეს. არ შეიძლება არ შეამჩნიოთ, რომ ემიგრაციაში გადაღებულ ფოტოზე ქაქუცას ჩამკვდარი თვალები აქვს. ეს ფოტოები გვერდიგვერდ დადეთ და ყველა უთქმელად მიხვდებით რა არის ნოსტალგია…