თბილისი, 9 სექტემბერი — Sputnik. თურქეთის რესპუბლიკის რიგ გუბერნიებში სეზონურ სამუშაოებზე დასაქმების მსურველი საქართველოს მოქალაქეებისთვის მუშაობის ნებართვის მიღება გამარტივდა, იუწყება „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ პირველი არხი.
როგორც საგარეო უწყებაში განმარტავენ, დოკუმენტის მისაღებად, სეზონურ სამუშაოებზე მომუშავე საქართველოს მოქალაქე თურქეთის რესპუბლიკის შრომისა და სოციალური დაცვის სამინისტროს საერთაშორისო შრომის გენერალური დირექტორატის გვერდზე უნდა შევიდეს და განცხადება ელექტრონულად შეავსოს.
„ქართული მხარის ძალისხმევის შედეგად, 2017 წლის ივლისში, თურქეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა, შრომისა და სოციალური დაცვის სამინისტროების მიერ შემუშავდა და გამოიცა განკარგულება, რომლის თანახმად, პირველ ეტაპზე ტრაპიზონში საქართველოს გენერალური საკონსულოს დაწესებულების ოლქში – სამსუნის, ორდუს, გირესუნის, ტრაპიზონის, რიზესა და ართვინის გუბერნიებში, სეზონურ სამუშაოებზე (ჩაი და თხილი) დასაქმების მსურველ საქართველოს მოქალაქეებს, ერთი წლის განმავლობაში, 90 დღით არ ესაჭიროებათ მუშაობის ნებართვის მიღება", — აცხადებენ უწყებაში.
სეზონურ სამუშაოზე მომუშავე საქართველოს მოქალაქემ ელექტრონულ ფორმატში უნდა შეავსოს განცხადება, რომლის საფუძველზე, შემდგომში რაიონის გამგეობის მიერ მას მიეცემა „მუშაობის ნებართვისგან გათავისუფლების დოკუმენტი".
აღნიშნული დოკუმენტი უზრუნველყოფს ზემოაღნიშნულ სეზონურ სამუშაოებზე (ჩაი-თხილი), დასაქმებულთა მიერ პროცედურების შესრულების შემთხვევაში, საქართველოს მოქალაქეთა კანონიერი უფლებების დაცვას.
განცხადების შევსების წესები და პროცედურები განთავსებულია ტრაპიზონში საქართველოს გენერალური საკონსულოს ოფიციალურ ვებგვერდზე.