თბილისი, 25 თებერვალი — Sputnik. საქართველო შესანიშნავი ბაზარია დაბალხარისხიანი თურქული პროდუქციის სარეალიზაციოდ, ჩვენ კი ბევრი არაფერი გვაქვს გასაყიდი, — აღნიშნავს ანალიტიკოსი დემურ გიორხელიძე.
საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვა თურქეთთან 2016 წელს, გასულ წელთან შედარებით, 24,4%-ით შემცირდა 82,8 მლნ დოლარი შეადგინა, რაც ბრუნვის საერთო მოცულობის 15.7%-ს შეადგენს.
მიუხედავად ამისა, თურქეთი კვლავაც რჩება ქვეყნის ძირითად სავაჭრო პარტნიორად, — ნათქვამია „საქსტატის“ მასალებში.
„თავისთავად ცხადია, რომ ვაჭრობა ყველა ქვეყანასთანაა სასურველი, მაგრამ ცუდია, რომ საქართველოს ეკონომიკა ძალიან არის დამოკიდებული თურქეთის ეკონომიკაზე. ეს ქვეყანა ჩვენი ძირითადი სავაჭრო პარტნიორია და მე ეს გამართლებულად არ მიმაჩნია. საქართველო შესანიშნავი ბაზარია საკმაოდ დაბალხარისხიანი თურქული პროდუქციის სარეალიზაციოდ, ჩვენ კი ბევრი არაფერი გვაქვს გასაყიდი. ამასთან, ასეთი დამოკიდებულება, ჩემი აზრით, სავსებით გაუმართლებელია და ვფიქრობ, რომ ეს გარკვეული პოლიტიკური შეცდომების შედეგია. გასაგებია, რომ ეს მეზობელი ქვეყანაა, მაგრამ მასზე გონივრულ ფარგლებში უნდა ვიყოთ დამოკიდებულები“, — განუცხადა გიორხელიძემ Sputnik–ს.
ანალიტიკოსის აზრით, შექმნილ ვითარებაში აუცილებელია, ერთი მხრივ, ვაჭრობის დივერსიფიკაცია, მეორე მხრივ კი — საკუთარი წარმოების განვითარება.
„როცა რეგიონში რაიმე პრობლემა იჩენს თავს, ჩვენ, ფაქტობრივად, დაუცველები ვრჩებით. ამიტომაც არა მგონია, რომ თავის დროზე (თურქეთის ბაზარზე კონცენტრაცია) გონივრული ნაბიჯი იყო“, — განმარტა გიორხელიძემ.