თბილისი, 9 სექტემბერი — Sputnik. 57 წლის ქართველი მოცურავე ბეგლარ ელბაქიძე ათი წლის წინ დამყარებული საკუთარი რეკორდის გაუმჯობესებას დღეს ბათუმში შეეცდება, იუწყება "საზოგადოებრივი მაუწყებლის" პირველი არხი.
2007 წელს ინჟინერ-მშენებელმა ბეგლარ ელბაქიძემ თბილისის ზღვაზე 8 კილომეტრის დისტანცია ხელების დახმარების გარეშე გაცურა. ფეხების დახმარებით ეს დისტანცია 3 საათსა და 28 წუთში ხელაწეულმა გადალახა. ერთ ხელში მობილური ტელეფონი ეკავა, მეორეში — საქართველოს დროშა.
„გადავცურავ დგომით, მხოლოდ ფეხებს გამოვიყენებ, ერთ ხელში საქართველოს დროშას დავიჭერ, მეორეში ტურიზმის დეპარტამენტის ლოგოს, ფორმაში ვარ, როგორც ათი წლის წინ", — ამბობს სპორტსმენი.
ბეგლარ ელბაქიძემ 10 წლის წინ რეკორდი თბილისის ზღვაზე დაამყარა. ვერტიკალურად მან 8,5 კილომეტრი გადაცურა. ამჯერად იგი მანძილის დაფარვას 5-6 საათში გეგმავს.