თბილისი, 9 სექტემბერი — Sputnik. თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ართანაში ხანძრის ახალი კერები გაჩნდა, იუწყება ტელეკომოანია „იმედი“ (Imedi).
ამის შესახებ ჟურნალისტებს ადგილობრივმა მოსახლეობამ აცნობა. მოსახლეობის განცხადებით, ხანძარსაწინააღმდეგო სამუშაოებში მონაწილეობა ავიაციამ უნდა მიიღოს.
საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს დირექტორის, ნიკოლოზ სირაძის განხადებით, პანიკის საფუძველი არ არსებობს და ვითარება კონტროლდება. მისი თქმით, ახალი კერები არ გაჩენილა. ადგილზე მობილიზებული ცოცხალი ძალა სალიკვიდაციო სამუშაოებს უმკლავდება, ვერტმფრენების ჩართვა კი მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში მოხდება.
თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ართანას მახლობლად, კოხტას მთის ფერდობზე ხანძარი 2 სექტემბერს დილით გაჩნდა. მერვე დღეა გრძელდება ხანძარსაწინააღმდეგო სამუშაოები. ადგილზე 500-ზე მეტი მეხანძრე-მაშველი მუშაობს. თელავის აეროპორტში მდებარე საგანგებო შტაბი სადღეღამისო რეჟიმში მუშაობს.