საქართველოსა და თურქეთის კულტურის მინისტრებმა ანკარაში შეხვედრა გამართეს

© FB / Ministry of Culture of Georgiaმიხეილ გიორგაძე და ნუმან ქურთულმუში
მიხეილ გიორგაძე და ნუმან ქურთულმუში - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველო და თურქეთი ერთმანეთს დაეხმარებიან კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების აღდგენის, კონსერვაციისა და ასევე ინვენტარიზაციის პროცესში.

თბილისი, 8 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე თურქეთში ოფიციალური ვიზიტის მსვლელობისას ანკარაში შეხვდა თურქ კოლეგას, კულტურისა და ტურიზმის მინისტრ ნუმან ქურთულმუშს.

შეხვედრას ასევე ესწრებოდა საქართველოს ელჩი თურქეთში ირაკლი კოპლატაძე. საქართველოს კულტურის მინისტრი თურქეთს 5 სექტემბერს ოთხდღიანი ვიზიტით ეწვია.

"შეხვედრის დროს მხარეებმა განიხილეს ქვეყნებს შორის კულტურის სფეროში სამომავლო თანამშრომლობის გეგმები, მათ შორის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების დაცვისა და მოვლა-პატრონობის მიმართულებით", — ნათქვამია კულტურის სამინისტროს განცხადებაში.

იშხანი - Sputnik საქართველო
არქეოლოგებმა თურქეთში, ქართულ მონასტერში უნიკალური სამარხი აღმოაჩინეს

საქართველომ და თურქეთმა 2017 წლის 23 მაისს ხელი მოაწერეს 2017-2021 წლებში კულტურის სფეროში თანამშრომლობის შეთანხმებას. დოკუმენტის თანახმად, მხარეები ვალდებულებას იღებენ რესტავრაცია ჩაუტარონ ორივე ქვეყნის ტერიტორიაზე არსებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებს. ისინი ასევე უზრუნველყოფენ კომპეტენტური ორგანოების თანამშრომლობასა და ერთობლივი სამუშაო ჯგუფების შექმნას.

კულტურული მემკვიდრეობის სფეროში საქართველოსა და თურქეთის თანამშრომლობის პროცესი რამდენიმე ეტაპს ითვალისწინებს. პირველი ეტაპი ითვალისწინებს იმ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების შერჩევას, რომლებიც სასწრაფო რესტავრაციას საჭიროებს. ამ ძეგლების შეფასება ICOMOS-ის (ძეგლებისა და ღირსშესანიშნავი ადგილების საერთაშორისო საბჭო) მიერ განსაზღვრული მეთოდოლოგიური პრინციპებისა და ამ სფეროში მოქმედი საერთაშორისო დოკუმენტებით დადგენილი სტანდარტების შესაბამისად უნდა მოხდეს.

გარდა ამისა, უნდა განისაზღვროს გამოსასწორებელი ღონისძიებები იმ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებთან მიმართებაში, რომელთა რეაბილიტაციაც განხორციელდა ამ პროგრამის ხელმოწერამდე და მათზე ჩატარებულ სამუშაოებთან მიმართებაში მხარეებს გააჩნიათ მეთოდური ხასიათის შენიშვნები და რეკომენდაციები.

და, ბოლოს, პროგრამის მესამე ეტაპზე მხარეთა კომპეტენციის ფარგლებში უნდა მოხდეს კულტურული მემკვიდრეობის ობიექტების ინვენტარიზაცია. გარდა ამისა, მხარეები ასევე შეთანხმდნენ ორი ქვეყნის ეროვნულ და უწყებრივ არქივებში დაცული ინფორმაციისა და დოკუმენტების მოძიებაში ხელშეწყობის საკითხზე.

ყველა ახალი ამბავი
0