თბილისი, 8 სექტემბერი — Sputnik. დღეს უკვე რეალობაა, რომ "აღმოსავლეთ პარტნიორობის" ფარგლებში ჩვენ გვაქვს განვითარებისა და ინტეგრაციის სხვადასხვა სიჩქარე, მაგრამ გვაკავშირებს საერთო ინტერესი — უფრო მეტი, ღრმა ინტეგრაცია ევროკავშირთან, განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ ესტონეთში.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე ტალინში მონაწილეობს ევროკავშირისა და "აღმოსავლეთ პარტნიორობის" ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების არაფორმალურ სამუშაო შეხვედრაში, რომელზეც "აღმოსავლეთ პარტნიორობის" მომავალი სამიტის საკითხებს განიხილავენ.
ღონისძიება ესტონეთის, როგორც ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყნის ინიციატივით იმართება. სამიტი ბრიუსელში 24 ნოემბერს ჩატარდება.
"მნიშვნელოვანია, რომ ესტონეთმა, როგორც ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყანამ, მოიწვია ეს სხდომა და „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ საგარეო საქმეთა მინისტრებს აქვთ შესაძლებლობა, ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებთან გახსნილ არაფორმალურ დიალოგში განიხილონ სამომავლო ნაბიჯები", — განაცხადა ჯანელიძემ.
მინისტრმა "აღმოსავლეთ პარტნიორობის" ქვეყნების საერთო ინტერესებზე გაამახვილა ყურადღება.
"ჩვენ მხარს ვუჭერთ, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობამ გააგრძელოს ეფექტური მოქმედებები, აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში განხორციელდეს პროექტები, რომლებიც ხელს შეუწყობს საერთო ინტერესების მოძიებას და ასევე ქვეყნების ინტერესების შესაბამისად განვითარებას. დღეს უკვე რეალობაა, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში ჩვენ გვაქვს განვითარების და ინტეგრაციის სხვადასხვა სიჩქარე. შესაბამისად, ასოცირებული ქვეყნების ერთობა, საერთო პოზიცია არის ძალიან მნიშვნელოვანი, რადგან ჩვენ საერთო ინტერესი გვაკავშირებს. ეს არის უფრო მეტი, ღრმა ინტეგრაცია ევროკავშირთან", — აღნიშნა მინისტრმა.
დაგეგმილი ღონისძიებების ფარგლებში ჩატარდება ასოცირებული ქვეყნების — საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის საგარეო საქმეთა მინისტრების სხდომა. მიხეილ ჯანელიძე ასევე გეგმავს ორმხრივი შეხვედრების გამართვას კოლეგებთან ევროკავშირიდან.
პროგრამა "აღმოსავლეთის პარტნიორობა" ევროსაბჭოსა და ექვსი ქვეყნის – აზერბაიჯანის, სომხეთის, ბელარუსის, საქართველოს, მოლდოვისა და უკრაინის პოლიტიკური და ეკონომიკური ინტეგრაციისკენ არის მიმართული. ამათგან ბოლო სამმა 2014 წელს ხელი მოაწერა ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას. შეხვედრები საგარეო საქმეთა მინისტრებისა და დარგობრივი უწყებების ხელმძღვანელების დონეზე 2012 წლიდან იმართება.