თბილისი, 7 სექტემბერი — Sputnik. კალათბურთში საქართველოს ნაკრების კაპიტანმა და კლუბ „გოლდენ სტეიტ უორიორზის“ ცენტრმა ზაზა ფაჩულიამ საქართველოს ნაკრებში კარიერა დაასრულა.
„ძალიან რთულია დატოვო ის, რაც მრავალი წელი შენ ბიჭებთან ერთად მხრებით მოიტანე. B დივიზიონიდან ევროპამდე არ იყო მარტივი გზა, დამეთახმებით. 17 წლის განმავლობაში იყო მრავალი წარმატება, წარუმატებლობაც, ყოველთვის უკეთესის მოლოდინი, მაგრამ ეს არის ის, რაც ჩვენ გამოგვივიდა და დანარჩენს, დიდი იმედი მაქვს, მომავალი თაობები გააგრძელებენ… ყველაზე ძალიან გული მწყდება გულშემატკივარზე, რომლის თანადგომას ყოველთვის გრძნობდა ეს ნაკრები და პირადად მე ჩემი კარიერის განმავლობაში“, — დაწერა ფაჩულიამ საკუთარ facebook-გვერდზე.
ამ სეზონზე ფაჩულია „გოლდენ სტეიტ უორიორზის" შემადგენლობაში ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის (NBA) ჩემპიონი გახდა და თავისი სახელი ისტორიაში ჩაწერა, როგორც პირველი ქართველი, რომელმაც ასეთ წარმატებას მიაღწია. ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის მიმდინარე სეზონში კლუბმა „გოლდენ სტეიტ უორიორზმა“ „კლივლენდ კავალიერზი“ დაამარცხა საერთო ანგარიშით 4:1 და ბოლო სამი წლის განმავლობაში მეორედ გახდა NBA-ს ჩემპიონი.
საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა საქართველოს კალათბურთის ნაკრების კაპიტანი ზაზა ფაჩულია ქვეყნის საერთაშორისო არენაზე წარდგენისა და საქართველოს პოპულარიზებისთვის ღირსების ორდენით დააჯილდოვა.
მანამდე ზაზა ფაჩულიას ქართული სპორტის პოპულარიზაციისთვის სპეციალური ჯილდო გადაეცა. მას გადაეცა მოოქროვილი ფირფიტა, რომელიც ანტიკური ხანის ქართული საოქრომჭედლო ოსტატობის ერთ-ერთი ექსპონატის ასლს წარმოადგენს.
„მინდა ძალიან დიდი მადლობა გადაგიხადოთ თითოეულ თქვენგანს. თქვენ უფრო დიდ სიხარულს იმსახურებდით და კვლავ მომავლის იმედით. ახლა კი მშვიდობით ჩემო ნაკრებო და გულშემატკივარო, კაპიტნის წასვლის დროც მოვიდა! ეს ოქროს წლები არასდროს დამავიწყდება. მადლობა“, — ნათქვამია ზაზა ფაჩულიას მიმართვაში.
ზაზა ფაჩულიამ სექტემბერში საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში კალათბურთის ევროპის ჩემპიონატში მიიღო მონაწილეობა.