ქართული კალათბურთის ლეგენდამ, 33 წლის ზაზა ფაჩულიამ გადაწყვიტა არა მხოლოდ კაპიტნის პოზიციის დატოვება, არამედ გუნდისაც. „Sputnik-საქართველოს“ ფოტომასალაში იხილავთ ქვეყნის ნაკრების ბოლო მატჩის ფოტოებს, რომელშიც მონაწილეობა მიიღო ქართული კალათბურთის ისტორიაში საუკეთესო სპორტსმენმა.
გუნდის დატოვება ზაზა ფაჩულიამ მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის 1/8-ფინალში გასვლა ვერ მოახერხა და ჯგუფში მეხუთე ადგილი დაიკავა, რითიც ტურნირში მონაწილეობა დაასრულა. ბოლო მატჩში საქართველო იტალიასთან დამარცხდა ანგარიშით 69:71, რამაც ნაკრებს ტურნირში მონაწილეობის შესაძლებლობა დააკარგინა.
საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში ზაზა ფაჩულიამ მონაწილეობა მიიღო ევროპის ოთხ ჩემპიონატში — 2011, 2013, 2015 და 2017 წლებში. ქართული გუნდის ყველაზე დიდი მიღწევა 2015 წლის ტურნირში 1/8-ფინალში გასვლა იყო.
ნაკრების დატოვების შემდეგ ზაზა ფაჩულია განაგრძობს აშშ-ში NBA-ს კლუბ „გოლდენ სტეიტ უორიორზში“ თამაშს, რომლის შემადგენლობაშიც ქართველი სპორტსმენი წელს ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის ჩემპიონი გახდა.