თბილისი, 7 სექტემბერი — Sputnik. მეხანძრეები კვლავ ებრძვიან ხანძარს კახეთსა და მაღალმთიან აჭარაში, აღნიშნულია შინაგან საქმეთა სამინისტროს ვებ-გვერდზე განთავსებულ განცხადებაში.
ხანძარი თელავის რაიონის სოფელ ართანასთან, კოხტას მთაზე, ფაქტობრივად, ლოკალიზებულია.
ხანძარი კოხტას თითქმის 70 გრადუსის დახრილობის მქონე მთის ფერდობზე შაბათს, დილით გაჩნდა. მეხანძრეებს მუშაობაში სწორედ რთული რელიეფი უშლის. ცეცხლს ებრძვის დაახლოებით 400 მეხანძრე და შსს-ს საგანგებო დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლები. ჰაერიდან მათ ვერტმფრენი ეხმარება.
"შინაგან საქმეთა მინისტრმა თელავში, საგანგებო შტაბში თათბირი ჩაატარა. გიორგი მღებრიშვილმა ქვეყნის რეგიონებში ხანძრის კერების ქრობის პროცესის შესახებ დეტალური ანგარიში ჩაიბარა და საგანგებო შტაბის წევრებს ახალი დავალებები მისცა", — აღნიშნულია განცხადებაში.
გასული შაბათიდან ცეცხლს ებრძვიან აგრეთვე ახმეტის რაიონის სოფელ ხახაბოსთან ტყეში. მიუხედავად რთული რელიეფისა, მეხანძრეებმა ცეცხლის ცალკეული კერების ლოკალიზება შეძლეს. ადგილზე რჩება შსს-ს დაახლოებით 200 წარმომადგენელი — მეხანძრე-მაშველები და საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს თანამშრომლები.
კიდევ ერთ ხანძარს ებრძვიან მაღალმთიან აჭარაში. ხულოს რაიონში, შავნაბადას მთაზე ცეცხლი ორშაბათს გაჩნდა. ხანძარს, რომლის ლოკალიზება ჯერჯერობით ვერ ხერხდება, ებრძვის შსს-ს 700-მდე თანამშრომელი და ორი ვერტმფრენი. ბოლო მონაცემებით, დაიწვა დაახლოებით 4 ჰექტარი ტყე.
ამჟამად აჭარაში წვიმს, რაც, სავარაუდოდ, მეხანძრეებს ცეცხლის ლიკვიდაციაში დაეხმარება.
"დღეს დილიდან მთაში გაწვიმდა, დაეცა ტემპერატურა, არის საკმაოდ დიდი ნისლი, შესაბამისად, ცოცხალი ძალა ჯერჯერობით ლოკაციებთან მისული არ არის ამინდის და კლიმატურ პირობების გამო. მძიმე ტექნიკა მუშაობს ამ ეტაპისთვის, დაახლოებით 50-მდე ადამიანი გასულია სხვადასხვა ლოკაციებში რათა ადგილზე შეაფასონ ვითარება და მდგომარეობა", — განაცხადა აჭარის მთავრობის მეთაურმა ზურაბ პატარაძემ, რომელიც საგანგებო შტაბს ხელმძღვანელობს.
2017 წლის ზაფხულში საქართველო ტყის ხანძრების სერიამ მოიცვა. აქედან განსაკუთრებით მასშტაბური იყო ბორჯომის ტყეში გაჩენილი ხანძარი, რომლის დროსაც, წინასწარი ინფორმაციით, 100 ჰექტარზე მეტი ტერიტორია დაიწვა. ხანძრის ჩაქრობაში საქართველოს ეხმარებოდნენ თურქეთი, სომხეთი, აზერბაიჯანი და ბელარუსი.