თბილისი, 7 სექტემბერი — Sputnik. თბილისის ზღვაზე, ზურაბ წერეთლის სკულპტურული კომპოზიცია „საქართველოს ისტორიის“ მიმდებარე ტერიტორიაზე გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია, განაცხადა თბილისის მერის მოადგილემ გიგა ნიკოლეიშვილმა.
აღნიშნულ ტერიტორიაზე ცეცხლი ხუთშაბათს, დილით გაჩნდა. ცეცხლი ბალახსა და ბუჩქნარს გაუჩნდა. ნიკოლეიშვილის ინფორმაციით, ხანძრის ჩაქრობის ოპერაციაში რვა სახანძრო ეკიპაჟი და 40-მდე მეხანძრე-მაშველი მონაწილეობდა.
„ამ დროისთვის ხანძარი ლოკალიზებულია. მიმდინარეობს დამატებითი სამუშაოები ხანძრის სრულად ლიკვიდაციისთვის. დაიწვა 1,5 ჰექტარი ფართობი ტერიტორია“, — განაცხადა ნიკოლეიშვილმა საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველ არხზე.
ნიკოლეიშვილის განცხადებით, მეხანძრეებს მუშაობაში ხელს ძლიერი ქარი უშლის, შესაბამისად, ისევ შესაძლებელია კერების გაღვივება.
საქართველო 2017 წლის ზაფხულში ხანძრების სერიამ მოიცვა. განსაკუთრებით გახშირდა ტყის ხანძრები აგვისტოში. ყველაზე დიდი ხანძარი ბორჯომის ხეობაში მოხდა, რომლის დროსაც 100 ჰექტარზე მეტი ტყის ფართობი დაიწვა.