თბილისი, 7 სექტემბერი — Sputnik. ძლიერმა წვიმამ მესტიის მუნიციპალიტეტის სხვადასხვა სოფლებში შიდა სასოფლო გზები, ხიდები და საგზაო ინფრასტრუქტურა დააზიანა.
ძლიერი წვიმების შედეგად მულახის ადმინისტრაციულ ერთეულში ხერაშის ღელე ადიდდა და დააზიანა სოფელ ჭოლასთან დამაკავშირებელი საავტომობილო გზის ინფრასტრუქტურა — შიდა გზები, ხიდები, ნაპირსამაგრი კარკასები.
შემთხვევის ადგილზე მუშაობს მძიმე ტექნიკა და მიმდინარეობს გზის გაწმენდითი სამუშაოები.
უხვმა ნალექმა დააზიანა მულახი-მუჟალის ადმინისტრაციული ერთეულების დამაკავშირებელი საავტომობილო გზაც, სადაც ტრანსპორტით გადაადგილება შეფერხებულია. ადგილზე მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები.
ნაწილობრივ შეზღუდულია მოძრაობა მულახი-უშგულის ცენტრალურ გზაზე, ხერაშის ღელეს მონაკვეთზე მოძრაობა აღდგენილია.
წვიმის შედეგად მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ლენჯერში კაერის ღელე ადიდდა და საფრთხე შეუქმნა საგზაო ინფრასტრუქტურას. ადიდებულმა ღელემ დროებით შეაფერხა საგზაო მოძრაობა, თუმცა, დროული რეაგირების შედეგად მოძრაობა მალევე აღდგა.
დაზიანდა სოფლების ლახირის, ჟამუშისა და მურშკელის დამაკავშირებელი გზა.
ამ დროისთვის სტიქიის ზონებში შესაბამისი სამსახურები სალიკვიდაციო სამუშაოებს ატარებენ.