დიმიტრი ლორთქიფანიძის სახლი საეჭვო ვითარებაში დაიწვა

© FB / Dimitri Lortkipanidzeხანძარი ლორთქიფანიძის სახლში
ხანძარი ლორთქიფანიძის სახლში - Sputnik საქართველო
გამოწერა
პარლამენტის ყოფილი დეპუტატი, ნინო ბურჯანაძის პარტიის წევრი დიმიტრი ლორთქიფანიძე ძალზე საეჭვოდ მიიჩნევს ხანძარს საკუთარ სახლში, სადაც ახალი ელექტროგაყვანილობა იყო.

თბილისი, 7 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის ნინო ბურჯანაძის პარტია "დემოკრატიული მოძრაობის" წევრის დიმიტრი ლორთქიფანიძის ორსართულიანი სახლი სოფელ ჩინთში (მცხეთა-მთიანეთი) მთლიანად დაიწვა.

ლორთქიფანიძის სახლში ხანძარი 5-6 სექტემბრის ღამით გაჩნდა. ამ დროს სახლში იმყოფებოდნენ პოლიტიკოსის მეუღლე, სამი ბავშვი და სიდედრი. მომხდარის შესახებ ლორთქიფანიძე "Sputnik-საქართველოს" ესაუბრა.

"ამ საქმეში ძალიან ბევრი კითხვის ნიშანია. არ მინდა მოვლენებს გავუსწრო წინ იქიდან გამომდინარე, რომ ჩატარდა სახანძრო-ქიმიური ექსპერტიზა და მათ დასკვნას ველოდები. ჩემთვის, ფსიქოლოგიური ბარიერის თვალსაზრისით, ყველაზე რთულია ის, რომ პრაქტიკულად სასწაულებრივად გადარჩნენ ჩემი შვილები, მეუღლე და სიდედრი. ცეცხლის გაჩენის დროს ხუთი ადამიანი მეორე სართულზე იმყოფებოდა. ცეცხლმა მთელი პირველი სართული დაბლოკა. გამოსასვლელი არ იყო. კვამლში ისინი აივნამდე გავიდნენ, ხოლო შემდეგ მეზობლებმა კიბის საშუალებით ჩამოიყვანეს და გადაარჩინეს ისინი", — განაცხადა ლორთქიფანიძემ.

ვერტმფრენი მაღალმთიან აჭარაში ხანძარს აქრობს - Sputnik საქართველო
ხანძართან ბრძოლა გრძელდება

დუშეთიდან, თბილისიდან და მცხეთიდან ჩასული მეხანძრეები ცეცხლს ხუთი საათი ებრძოდნენ, თუმცა სახლი მთლიანად დაიწვა.

"ხანძრის დროს თბილისში ვიყავი. მეუღლემ 01:40 საათზე დამირეკა. მადლობა უფალს, არავინ დაიწვა, მაგრამ ძლიერი კვამლის გამო ინტოქსიკაცია მიიღეს. ახლა მთავარია, გაირკვეს ხანძრის მიზეზი, რადგანაც სახლი სრულიად დაცული იყო, ფუნდამენტურად არის ნაგები, ელექტროსისტემა ახალი იყო. სახლში, მაცივრის გარდა, არც ერთი მოწყობილობა ჩართული არ ყოფილა", — განაცხადა ლორთქიფანიძემ.

ლორთქიფანიძე არ გამორიცხავს, რომ შესაძლოა ხანძარი მის პოლიტიკურ საქმიანობას უკავშირდებოდეს.

"არაფერია გამორიცხული ქვეყანაში, სადაც იწვის ტყეები და დღე ისე არ გადის, რომ ახალ ხანძარზე ინფორმაცია არ მივიღოთ. არაფერი მიკვირს ქვეყანაში, სადაც რეალურად არ არსებობს კრიზისების მართვის საბჭო, ხოლო რეალურად მის შენახვაზე მილიონები იხარჯება; ქვეყანაში, სადაც 60-70 წლის წინანდელი ხანძარსაწინააღმდეგო სისტემებია. თანამედროვე ეკიპირება არც ერთ მეხანძრეს არ ჰქონია", — აღნიშნა ლორთქიფანიძემ.

ლორთქიფანიძე არის თბილისის საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატი პარტიიდან "დემოკრატიული მოძრაობა". ის 2008-2012 წლებში იყოს პარლამენტის დეპუტატი. ასევე იყო სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის წევრი.

ყველა ახალი ამბავი
0