თბილისი, 7 სექტემბერი — Sputnik. 2013 წლიდან პირველად საქართველოში ციმბირული წყლულით სიკვდილი დაფიქსირდა, იუწყება საინფორმაციო სააგენტო Новости-Грузия დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის პრესსამსახურზე დაყრდნობით.
ცენტრის ინფექციური დაავადებების სამსახურის უფროსის, ხათუნა ზახაშვილის თქმით, ხელვაჩაურის რაიონის სოფელ ახალსოფელში ციმბირული წყლულით 60 წლამდე ასაკის მამაკაცი გარდაიცვალა. მას დაავადების კანის ფორმა აღენიშნებოდა, რომელიც დაინფიცირებულ ცხოველთან კონტაქტის შედეგად განვითარდა. მამაკაცმა სამედიცინო დაწესებულებას დაგვიანებით მიმართა.
2017 წლის დასაწყისიდან საქართველოში ციმბირული წყლულის კანის ფორმის 20 შემთხვევა დაფიქსირდა. იგივე რაოდენობა 2016 წელსაც დაფიქსირდა.
„საერთო ჯამში, საქართველოში ბოლო ორი წლის განმავლობაში ადამიანებში ციმბირული წყლულით დაავადების შემთხვევები ინტენსიურად მცირდება. ფიქსირდება მხოლოდ კანის ფორმა", — განაცხადა ზახაშვილმა.
დაინფიცირება ხდება მაშინ, როდესაც საქონელს ატყავებენ ან ხორცის დამუშავებისას, აღნიშნა სპეციალისტმა.
„ციმბირული წყლული — მძიმე დაავადებაა, რომელიც ზოგჯერ სიკვდილით მთავრდება, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ პაციენტმა დროულად არ მიმართა ექიმს და მკურნალობა არ დაიწყო. დაავადება მკურნალობას ექვემდებარება", — განაცხადა ზახაშვილმა.
ჯილეხი, ანუ ციმბირული წყლული — ცხოველებისა და ადამიანის მწვავე ბაქტერიული დაავადება, რომელსაც იწვევს ჯილეხის ბაცილა (Bacillus antracis). ჯილეხი ზოონოზების ტიპიური წარმომადგენელია. ამ ტიპის ინფექციის გადატანა შესაძლებელია ტრანსმისიული, ალიმენტური და ასპირაციული გზებით. ადამიანის დაზიანება ხდება დაავადებულ ცხოველებთან კონტაქტის საშუალებით, ზოგჯერ კი ასეთი ცხოველების ხორცის საკვებად გამოყენების შემთხვევაში. დაავადების გადატანაში გარკვეული როლი მიუძღვით მექანიკურ გადამტანებს, კერძოდ, სისხლსმწოველ მწერებს.