თბილისი, 12 აგვისტო-Spurnik. საქართველოში ყოველწლიურად დენგეს ვირუსით დაავადების საშუალოდ ორი შემთხვევა ფიქსირდება, განუცხადა „Sputnik- საქართველოს“ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო ხელმძღვანელმა პაატა იმნაძემ.
დენგეს ვირუსის გადამტანები ძირითადად Aedes aegypti-ს ტიპის მდედრი კოღოები არიან. ვირუსი ფართოდ არის გავრცელებული ტროპიკებში. ეს მძიმე დაავადებაა, რომელიც ჩვილ და ადრეული ასაკის ბავშვებსაც ემართებათ და მოზრდილებსაც, თუმცა ფატალურად იშვიათად მთავრდება.
„ჩვენთან ყოველწლიურად დენგეს ვირუსის 1-2 შემთხვევა ფიქსირდება, ზოგჯერ ცოტა მეტიც. ეს ან უცხოეთის მოქალაქეები არიან, რომლებიც საქართველოში ჩამოდიან ან ქართველები, რომელებიც ტროპიკული ქვეყნებიდან ბრუნდებიან. რა თქმა უნდა, ჩვენთან დენგეს ვირუსის აღრიცხვა ხდება. ეს იშვიათი დაავადებაა. საბედნიეროდ, ადგილობრივი გადადება ჩვენ არ გავქვს“, — განაცხადა იმნაძემ.
ბოლნისში, 2017 წლის ივლისში დენგეს ვირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. ვირუსი სოფელ ფაზისში მცხოვრებ ახალგაზრდა მამაკაცს გადაედო. მას დაავადების მსუბუქი ფორმა აღმოაჩნდა და ის გამოჯანმრთელდა.
საქართველოში ვირუსით დაავადების პირველი შემთხვევა 2013 წელს, შემდეგ კი 2016 წელს დაფიქსირდა.
დენგეს ძირითადი სიმპტომებია: მაღალი, 40 გრადუსამდე ტემპერატურა, თავის ძლიერი ტკივილი, ტკივილი თვალების არეში, კუნთებისა და სახსრების ტკივილი, ღებინება, ლიმფური კვანძების გადიდება ან გამონაყარი.
დენგეს მძიმე ფორმა — პოტენციურად სასიკვდილო გართულებაა, რომელიც უკავშირდება პლაზმის დაღვრას, სითხის დაგროვებას, სუნთქვით უკმარისობას, ძლიერ სისხლდენას ან ორგანოების დაავადებას. ამ კრიტიკული სტადიის შემდგომი 24-48 საათი შესაძლოა ლეტალური გამოდგეს.
1970 წლამდე დენგეს მძიმე ფორმის ეპიდემია მხოლოდ ცხრა ქვეყანაში მომხდარა. ამჟამად ეს დაავადება აფრიკის, ამერიკის, ხმელთაშუა ზღვისპირეთის აღმოსავლეთის და წყნარი ოკეანეს დასავლეთ ნაწილის 100 ქვეყნისათვის ენდემურ დაავადებას წარმოადგენს.
2016 წლის დასაწყისში რიგ ქვეყნებში დენგეს საწინააღმდეგო პირველი ვაქცინა — Dengvaxia (CYD-TDV) დარეგისტრირდა, რომლის გამოყენებაც 9-დან 45 წლამდე ადამიანებს შეუძლიათ.