თბილისი, 6 სექტემბერი — Sputnik. ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) პრეზიდენტმა, სუმა ჩაკრაბარტიმ საქართველოს მთავრობისა და ეროვნული ბანკის კარგი მუშაობა აღნიშნა, რომელმაც კარგი ეკონომიკური მენეჯმენტი განაპირობა.
ჩაკრაბარტი თბილისში ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით იმყოფება, რომლის ფარგლებში ის საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებთან შეხვედრებს მართავს.
"საქართველო ახალი ტალღის ლიდერია. რამ განაპირობა ეს შედეგი? პირველ რიგში, აღსანიშნავია შესანიშნავი ეკონომიკური მენეჯმენტი. საქართველოს, განსაკუთრებით უკანასკნელი წლების ეკონომიკის მენეჯმენტის შეფასებისას, უნდა აღვნიშნოთ ფინანსთა მინისტრისა და ცენტრალური ბანკის, ასევე, მთლიანად მთავრობის წვლილი. ფანტასტიკური შედეგია", — განაცხადა ჩაკრაბარტიმ საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან ერთობლივ ბრიფინგზე.
მან ხაზი გაუსვა, რომ ძალიან მოხარული იქნებოდა, თუ საქართველო გადააჭარბებს EBRD-ის წლევანდელ და მომავალი წლის პროგნოზს.
"დარწმუნებული ვარ, საქართველო გადააჭარბებს EBRD-ის წლევანდელ პროგნოზს, რომელიც დაახლოებით 3,8%-ს შეადგენს, მით უმეტეს, რომ საქართველომ უკვე მიაღწია 4%-ზე მაღალ ზრდას. მიგვაჩნია, რომ საქართველო მომავალი წლის პროგნოზსაც გადააჭარბებს და 4%-ზე მაღალ ზრდას აჩვენებს", — აღნიშნა EBRD-ის პრეზიდენტმა.
ჩაკრაბარტიმ პირობა დადო, რომ ნოემბერში EBRD-ის ახალ პროგნოზს გააზიარებდა.
"საქსტატის" მონაცემების მიხედვით, 2017 წლის იანვარ-ივლისში საქართველოში ეკონომიკურმა ზრდამ 4,4% შეადგინა.
საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზებით, საქართველოს ეკონომიკური ზრდა 4,5%-ს შეადგენს, 2018 წელს კი 5%-მდე გაიზრდება.
მსოფლიო ბანკის პროგნოზებით, 2017-2018 წლებში აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის 21 ქვეყანას შორის საქართველოში ეკონომიკური ზრდის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდება.