თბილისი, 6 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა „ევრობასკეტ 2017“-ის პლეი-ოფში მოხვედრის შანსი დაკარგა, რადგან ისრაელი უკრაინასთან ანგარიშით 64:88 დამარცხდა.
იტალიასთან დღევანდელი დამარცხების შემდეგ, საქართველოს ნაკრების ჯგუფური ეტაპიდან გასვლა ისრაელი-უკრაინის მატჩზე იყო დამოკიდებული.
ისრაელი, რომელიც ჯგუფში ბოლო ადგილს იკავებდა, უკრაინასთან ანგარიშით 64:88 დამარცხდა.
ამ გამარჯვებით უკრაინა საქართველოს ქულების რაოდენობით გაუთანაბრდა. ორივე გუნდმა 7-7 ქულა დააგროვა, ურთიერთშეხვედრებში უპირატესობა უკრაინის ნაკრებს ჰქონდა და გუნდმა მეოთხე ადგილი დაიკავა.
პლეიოფში B ჯგუფიდან ლიტვა, იტალია, გერმანია და უკრაინა გავიდნენ, ხოლო პლეიოფში ვერ მოხვდნენ საქართველო და ისრაელი.
აღსანიშნავია, რომ B ჯგუფის ლიდერმა და ევროპის ჩემპიონატის ერთ-ერთმა მთავარმა ფავორიტმა ლიტვამ, ერთადერთი შეხვედრა საქართველოსთან წააგო. ჯგუფურ ეტაპზე მოპოვებული ორი გამარჯვება ჩვენი გუნდისთვის მომდევნო ეტაპზე გასასვლელად საკმარისი არ აღმოჩნდა.
B ჯგუფში საქართველომ მეხუთე, ხოლო ისრაელმა მეექვსე ადგილი დაიკავა.