თბილისი, 6 სექტემბერი — Sputnik. ევროპის ჩემპიონატზე, რომელიც ამ დღეებში ისრაელში ტარდება, საქართველოს კალათბურთის ნაკრები В ჯგუფის დასკვნით მატჩში იტალიის გუნდთან ანგარიშით 69:71 დამარცხდა.
პირველ მეოთხედში იტალიელებმა არაჩვეულებრივი კალათბურთი აჩვენეს. ტყორცნების სისწრაფემ და სიზუსტემ, განსაკუთრებით სამქულიანი ხაზიდან, განაპირობა ის, რომ იტალიამ სასტარტო მონაკვეთზე ანგარიშით 27:10 მოიგო.
მეორე მეოთხედი პირველის საპირისპირო აღმოჩნდა. ქართველი კალათბურთელები დაცვაზე გადავიდნენ და პერიმეტრი გადაკეტეს. გაირკვა, რომ ეტორე მესინას აღსაზრდელებს სამქულიანი ტყორცნების გარდა, სხვა არაფრის შეთავაზება არ შეეძლოთ.
განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს ზაზა ფაჩულია, რომელიც თითქმის ყველა ჩაგდებულ ბურთს ხსნიდა. შემდეგ ილიას ზუროსის აღსაზრდელები შეტევაშიც გააქტიურდნენ. მეორე მეოთხედში ქართულმა გუნდმა 20:11 მოიგო, და დიდი შესვენებისთვის საქართველომ ჩამორჩენა რვა ქულამდე შეამცირა (30:38).
სამწუხაროდ, შესვენების შემდეგ ინიციატივა კვლავ იტალიელების ხელში გადავიდა. პარკეტზე თანასწორი ბრძოლა მიმდინარეობდა, თუმცა საქართველოს ნაკრებს პლუს სამი ქულა შეემატა.
ბოლო მეოთხედში ფაჩულიამ, შენგელიამ, სანაძემ და სხვა კალათბურთელებმა უზარმაზარი ნახტომი გააკეთეს, რაც დიდ პატივისცემას იმსახურებს. ქართველებმა 16-ქულიანი სხვაობა დაძლიეს და მატჩის დასრულებამდე ცოტა ხნით ადრე ერთი ქულით დაწინაურდნენ კიდეც.
მაგრამ ქართველების თითოეული დარღვევის შემდეგ იტალიელები საჯარიმოებს აგდებდნენ და საბოლოო ჯამში იტალიის გუნდმა 71:69 ანგარიშით მოიგო. ბოლო წამები დრამატიზმით იყო სავსე.
ქართული გუნდის ყველაზე შედეგიანი მოთამაშე მაიკლ დიქსონი გახდა, რომელმაც 29 ქულა დააგროვა. ფაჩულია გახდა საუკეთესო მოხსნებში — 12 მოხსნა.
ამიერიდან საქართველოს ნაკრების ბედი ისრაელი-უკრაინის მატჩის შედეგზეა დამოკიდებული, რომელიც რამდენიმე წუთის წინ დაიწყო.
თუ უკრაინა არამოტივირებულ ისრაელს მოუგებს (ყველა შემთხვევაში ისრაელი ჯგუფში რჩება), საქართველო ვერ ხვდება მერვედფინალში, ხოლო მის ადგილს უკრაინა დაიკავებს. თუ ისრაელი მოუგებს უკრაინას, საქართველო პლეი-ოფში გადის, სადაც А ჯგუფის გამარჯვებულს — სლოვენიის ნაკრებს შეხვდება.