თბილისი, 6 სექტემბერი — Sputnik. ისრაელის ნაკრების კალათბურთელებს პირადი ნივთები იმ დროს მოპარეს, როდესაც ისინი საქართველოს ნაკრებს ეთამაშებოდნენ, იუწყება РИА Новости კალათბურთის სიახლეების ვებგვერდ Eurohoops-ზე დაყრდნობით.
„ევრობასკეტ 2017"-ის მატჩი საქართველოსა და ისრაელს შორის სამშაბათს ჩატარდა და ქართული გუნდის გამარჯვებით 104:91 დასრულდა, რომელმაც ტურნირის მასპინძელს პლეი-ოფში გასვლის შანსი დაუკარგა. იუწყებიან, რომ ბოროტმოქმედებმა მოთამაშეებს ელიშაი კადირს, იოთამ გალპერინსა და ბარ ტიმორს ფასიანი ნივთები, ფულადი თანხა და საკრედიტო ბარათები მოპარეს. პოლიცია გამოძიებას ატარებს.
„ევრობასკეტის" მატჩები ოთხ ქვეყანაში ტარდება: ფინეთში, ისრაელში, რუმინეთსა და თურქეთში. მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ისრაელში ქურდობის მსხვერპლი ლიტვის ნაკრების კალათბურთელი დონატას მატეიუნასი გახდა, რომელსაც 6 000 ევრომდე მოპარეს.
გარდა ამისა, აღნიშნულია, რომ ქურდებმა გერმანიის ნაკრების კაპიტანი დენის შრედერიც დააზარალეს. ავტობუსში, რომელსაც სპორტსმენები სასტუმროში მიჰყავდა, დარჩენილი ჩანთიდან მას 500 ევრო მოპარეს.