თბილისი, 6 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ რეფინანსირების განაკვეთის უცვლელად 7%-ზე დატოვება მოკლევადიან პერიოდში ეკონომიკაზე მნიშვნელოვნად არ აისახება, მიაჩნია საბანკო პროდუქტების ექსპერტ დავით კიკვიძეს.
„რეფინანსირების განაკვეთი იმისთვის არსებობს, რომ სებ-მა აკონტროლოს ინფლაციის მაჩვენებელი და ამის მიხედვით გადაწყვიტოს განაკვეთის შემცირებით მიაწოდოს ეკონომიკას ფული თუ პირიქით — განაკვეთის გაზრდით ამოიღოის ის ეკონომიკიდან. თუ ეკონომიკაზე სხვა გარემოფაქტორები არ იმოქმედებენ, ინფლაციის მაჩვენებელიც შენარჩუნდება მიზნობრივ დონეზე", — განუცხადა დავით კიკვიძემ „Sputnik საქართველოს".
საქსტატის მონაცემებით, აგვისტოში საქართველოში ინფლაციის დონემ წინა თვესთან შედარებით 0,2 %, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 5,7 % შეადგინა. მიუხედავად იმისა, რომ წინა თვეში ფასები უმნიშვნელოდ გაიზარდა, წლიური ინფლაციის მაჩვენებლი კი 4%-ია.
ექსპერტის აზრით, სებ-ის მიერ მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის 7%-ზე დატოვება ინფლაციის მაჩვენებლის მიზნობრივთან სიახლოვემ განაპირობა, თუმცა, მისი ზრდა დოლარი კიდევ უფრო მეტად გამყარების შემთხვევაში არის მოსალოდნელი. ბოლო პერიოდში ვალუტის კურსის ცვლილება კი იმით არის განპირობებული, რომ ტურისტების უმრავლესობამ უკვე დატოვა ქვეყანა და შესაბამისად შემცირდა დოლარის შემოდინებაც.
„ლარის გაუფასურება თუ კიდევ გაგრძელდება, ამ შემთხვევაშ სებ-ს მოუწევს რეფინანსირების განაკვეთის გაზრდა რომ შეამციროს ლარის მოცულობა ეკონომიკაში, რაც მოგვიტანს დოლარზე მოთხოვნის შემცირებას და შესაბამისად ლარის გამყარებას. ასეთ შემთხვევაში უკვე არ არის გამორიცხული, რომ ინფლაციის მაჩვენებელი შემცირდება მიზნობრივ მაჩვენებელთან შედარებით, რაც ეკონომიკური ზრდისთვის არახელსაყრელია", — განაცხადა დავით კიკვიძემ.
საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა 2017 წლის 6 სექტემბერს მიიღო გადაწყვეტილება რეფინანსირების განაკვეთის უცვლელად დატოვების შესახებ, ნათქვამია ეროვნული ბანკის ვებ-გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.
სებ-ის განცხადებით, ინფლაციის მაჩვენებლის დინამიკა შესაბამისობაშია არსებულ პროგნოზებთან. აგვისტოში წლიური ინფლაცია შემცირდა და 5, 7% შეადგინა. არსებული პროგნოზით, ინფლაცია წლის ბოლომდე მიზნობრივ მაჩვენებელზე მაღლა შენარჩუნდება და მომავალი წლის დასაწყისში, დროებითი ფაქტორების ამოწურვასთან ერთად, 3%-იან მაჩვენებელს მიუახლოვდება. ამასთანავე, სტაბილურია ინფლაციური მოლოდინებიც. აქედან გამომდინარე, მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა გადაწყვიტა ამ ეტაპზე პოლიტიკის განაკვეთის უცვლელად დატოვება. დამატებითი შოკების არარსებობის შემთხვევაში, საშუალოვადიან პერიოდში მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი ეტაპობრივად შემცირდება და ნეიტრალურ დონეს დაუახლოვდება.
საგარეო მოთხოვნა კვლავ დადებითი ტენდენციებით ხასიათდება. მაღალი ტემპით ზრდას განაგრძობს როგორც საქონლის ექსპორტი, ასევე ტურიზმის შემოსავლები. იზრდება ფულადი გზავნილების მაჩვენებელი. ამასთან, ზომიერად იზრდება იმპორტის მოცულობა. წინასწარი შეფასებით, მიმდინარე წლის შვიდი თვის განმავლობაში ეკონომიკის ზრდა 4,4%. ეკონომიკური აქტივობა კვლავ პოტენციურ დონეზე ნაკლებია და, შესაბამისად, ინფლაციაზე მოთხოვნის მხრიდან ზეწოლის რისკებს არ ქმნის.
საქართველოს ეროვნული ბანკი მომავალშიც დააკვირდება მიმდინარე ეკონომიკურ პროცესებსა და ფინანსურ ბაზრებს და გამოიყენებს მის ხელთ არსებულ საშუალებებს ფასების სტაბილურობის უზრუნველსაყოფად.
მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის შემდეგი სხდომა 2017 წლის 25 ოქტომბერს გაიმართება.