ჯანელიძემ ალიევს ხანძრის ჩაქრობაში დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა

© FB / MFA of Georgiaმიხეილ ჯანელიძე და ილჰამ ალიევი
მიხეილ ჯანელიძე და ილჰამ ალიევი - Sputnik საქართველო
გამოწერა
მიხეილ ჯანელიძემ და ილჰამ ალიევმა განიხილეს სატრანსპორტო და ენერგეტიკული დერეფნის განვითარება, სუამის ფარგლებში თანამშრომლობა და სხვა საკითხები.

თბილისი, 5 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, ვიცე-პრემიერი მიხეილ ჯანელიძე ბაქოში ვიზიტის ფარგლებში აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევს შეხვდა და ბორჯომისა და აბასტუმნის ტყეში ხანძრის ჩაქრობაში გაწეული დახმარებისთვის მას მადლობა გადაუხადა.

შეხვედრაზე მხარეებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს საქართველო-აზერბაიჯანის სტრატეგიული პარტნიორობა და მეგობრობა, ხაზი გაუსვეს ორივე ქვეყნის დაინტერესებას სხვადასხვა მიმართულებით თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავებით.

"საქართველოს ვიცე-პრემიერმა ხაზი გაუსვა ქვეყნებს შორის არსებული ორმხრივი დიალოგის მაღალ დონეს და აზერბაიჯანის პრეზიდენტი საქართველოში მიიწვია", — ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

„სარფის“ საბაჟო თურქეთთან საზღვარზე - Sputnik საქართველო
საქართველოს, აზერბაიჯანისა და თურქეთის საბაჟოები თანამშრომლობას გააძლიერებენ

პოლიტიკოსებმა განსაკუთრებული ყურადღება დაუთმეს ქვეყნების თანამშრომლობას სატრანსპორტო და ენერგეტიკული სატრანზიტო დერეფნების განვითარების საქმეში, რომლებსაც რეგიონისათვის სტრატეგიული მნიშვნელობა გააჩნია.

ჯანელიძემ და ალიევმა მიმოიხილეს თანამშრომლობის საკითხები სუამის ფარგლებში (სუამი — ორგანიზაცია დემოკრატიისა და ეკონომიკური განვითარებისთვის, მასში ასევე შედის უკრაინა და მოლდოვა). თბილისმა, როგორც სუამის მოქმედმა თავმჯდომარე ქვეყანამ გამოთქვა ინიციატივა სათანადოდ აღინიშნოს ორგანიზაციის დაარსების ათი წლისთავი.

ოთხშაბათს ბაქოში საქართველოს, თურქეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრების რიგით მეექვსე შეხვედრა გაიმართება. მხარეები განიხილავენ რეგიონული პოლიტიკის მიმდინარე საკითხებს, სამმხრივ თანამშრომლობას და პროექტებს, რომლებსაც სამი ქვეყნა ერთობლივად ახორციელებს.

სამშაბათს დაწყებული ვიზიტის ფარგლებში ჯანელიძე აგრეთვე კოლეგებს პირისპირ შეხვდება.

აზერბაიჯანის, საქართველოსა და თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრების პირველი სამმხრივი შეხვედრა 2012 წლის 8 ივნისს ჩატარდა. მაშინ ხელი მოეწერა ტრაპიზონის დეკლარაციას, რომელიც ითვალისწინებს ქვეყნებს შორის თანამშრომლობას პოლიტიკის, ეკონომიკის, ენერგეტიკის, ტრანსპორტისა და გარემოს დაცვის სფეროებში. მას შემდეგ შეხვედრები წელიწადში ორჯერ რეგულარულად ტარდება.

 

ყველა ახალი ამბავი
0