თბილისი, 19 ივლისი — Sputnik. საქართველოს, აზერბაიჯანისა და თურქეთის უმაღლესი დონის საბაჟო ადმინისტრაციების პირველი სამმხრივი შეხვედრა დასრულდა დეკლარაციის ხელმოწერით, რომელშიც მხარეებმა თანამშრომლობის გაღრმავების ძირითადი მიმართულებები შეათანხმეს, ნათქვამია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.
სამმხრივ შეხვედრაზე საქართველოს დელეგაციას ფინანსთა მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი ხელმძღვანელობს. მინისტრმა აზერბაიჯანისა და თურქეთის წარმომადგენლებს რეგიონში საბაჟო თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივების კუთხით საქართველოს ხედვა გააცნო და კოლეგებს საბაჟო ურთიერთქმედების გაღრმავებული და ყოვლისმომცველი სისტემის შექმნისკენ მოუწოდა.
"საბაჟო ადმინისტრაციების ხელმძღვანელებთან, თურქეთისა და აზერბაიჯანის მინისტრებთან ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა გავმართეთ. ამგვარი ფორმატის ჩამოყალიბება მნიშვნელოვანია იმ სტრატეგიული პროექტებიდან გამომდინარე, რომელსაც საქართველო, აზერბაიჯანი და თურქეთი ერთობლივად ახორციელებენ და სავაჭრო ბრუნვიდან ან მგზავრთბრუნვიდან გამომდინარე", — განუცხადა ქუმსიშვილმა ჟურნალისტებს შეხვედრის შემდეგ.
მან ხაზი გაუსვა, რომ აზერბაიჯანი დღეს ყველაზე დიდი ინვესტორია საქართველოში.
"მხოლოდ შარშან, აზერბაიჯანიდან ჩვენს ქვეყანაში 500 მლნ-ზე მეტი ინვესტიცია შემოვიდა. ტვირთბრუნვა თითქმის 700 მლნ დოლარს აღწევს. თურქეთთან ეს მონაცემი მილიარდნახევარ დოლარზე მეტია", — განაცხადა ქუმსიშვილმა.
მინისტრმა ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის მნიშვნელობაზე ისაუბრა, რომელიც ევროპიდან აზიის მიმართულებით უმოკლეს გზას წარმოადგენს.
ქუმსიშვილი იმედოვნებს, რომ სამმხრივი თანამშრომლობის პლატფორმა საქართველოს, აზერბაიჯანისა და თურქეთის ტერიტორიებზე გამავალი სტრატეგიულად მნიშვნელოვანი სატრანზიტო დერეფნის კონკურენტუნარიანობის ზრდის კატალიზატორი გახდება.