თბილისი, 4 სექტემბერი — Sputnik. 2019 წლის იანვარში საქართველო მსოფლიო გიდების ასოციაციების კონგრესს უმასპინძლებს, იუწყება ტურიზმის ეროვნული ადმიონისტრაცია თავის Facebook-გვერდზე.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, გიორგი ჩოგოვაძის განცხადებით, კონგრესის საქართველოში ჩატარება ტურიზმის სექტორის ხელშეწყობისათვის ძალზე მნიშვნელოვანი ღონისძიებაა და ქვეყანაში ტურისტული გიდების პროფესიის განვითარებას დაეხმარება.
საქართველო 2019 წელს დაგეგმილი კონგრესის მასპინძელ ქვეყნად ირანში გამართულ ტურისტული გიდების ასოციაციების მსოფლიო ფედერაციის მე-17 კონვენციაზე აირჩიეს.
საქართველოს კონკურენციას უწევდნენ ტაილანდისა და ნიუ-იორკის გიდების ასოციაციები, თუმცა სხვადახხვა ქვეყნის დელეგატებს შორის საქართველოს კანდიდატურამ ყველაზე დიდი მოწონება დაიმსახურა და კენჭისყრის შედეგად მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა.