თბილისი, 4 სექტემბერი — Sputnik. თბილისის მოდის კვირეული (Tbilisi Fashion Week, TFW) ახალ ნიჭიერ დიზაინერებს ეძებს, რომელთა ნამუშევრებსაც 27-30 ოქტომბერს რიგით მე-16 ჩვენებაზე წარმოადგენენ, განუცხადეს კვირეულის ორგანიზატორებმა „Sputnik-საქართველოს“.
ორგანიზატორების თქმით, გასულ წელს პროექტის „თბილისის მოდის კვირეული ეძებს ახალ ტალანტებს“ დახმარებით თავის წარმოჩენა შეძლეს ისეთმა ბრენდებმა, როგორებიცაა: MIA, Elénny, Tsite by Tamara Tsiteladze/Laboratory The Window, Atelier Martha. ყველა მათგანი წელსაც მიიღებს მონაწილეობას ჩვენებაში.
„საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს, ნიჭიერ ხელოვანს ეძლევა უნიკალური შანსი წარდგეს მაყურებლის, პრესის და სფეროს პროფესიონალების წინაშე, თბილისის მოდის კვირეული აცხადებს განაცხადების ღია მიღებას“, — ნათქვამია TFW-ს ორგანიზატორების ვებ-გვერდზე.
ღონისძიებაში მონაწილეობის მსურველებმა უნდა დაიცვან 2018 წლის გაზაფხული-ზაფხულის სეზონის ტენდენციები.
გარდა პირადი ინფორმაციისა დიზაინერებმა განაცხადში უნდა ჩამოაყალიბონ კოლექციის კონცეფცია, წარმოადგინონ ესკიზები, ფოტო- და ვიდეომასალა და აგრეთვე Look book (ასეთის არსებობის შემთხვევაში). კოლექცია მინიმუმ 25 კოსტიუმისგან უნდა შედგებოდეს.
მსურველებს მოთხოვნილი ინფორმაციის გაგზავნა შეუძლიათ პროექტის ელექტრონულ მისამართზე: newtalents@tfw.ge