პოლიტოლოგი: საქართველომ მოქალაქეობის მინიჭების წესები უნდა გაამკაცროს

© photo: Sputnik / Stringerქართული პასპორტი
ქართული პასპორტი - Sputnik საქართველო
გამოწერა
პოლიტოლოგი ნიკა ჩიტაძე მიიჩნევს, რომ საქართველოს მოქალაქეობა გამონაკლისის სახით უნდა მიენიჭოთ მხოლოდ მათ, ვინც მეტ-ნაკლებად იცის ქართული ენა და ქართული კანონმდებლობის საფუძვლები.

თბილისი, 4 სექტემბერი — Sputnik. ქართული პასპორტი, რომელიც შენგენის ზონის ქვეყნებში უვიზო ყოფნას უზრუნველყოფს, უფრო მიმზიდველი ხდება, ამიტომ საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების პროცედურები უნდა გამკაცრდეს, მიიჩნევს პოლიტოლოგი ნიკა ჩიტაძე.

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი გასულ კვირაში საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების წესების გამკაცრების წინადადებით გამოვიდა. სახელმწიფოს მეთაურის დავალებით მისი წარმომადგენელი დაიწყებს კონსულტაციებს იუსტიციის სამინისტროსთან და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან.

„პრეზიდენტს ამ პროცესზე გავლენის ბერკეტები აქვს. მოქალაქეობის წარდგენის, ადამიანების შეწყალების საკითხი სწორედ მის კომპეტენციაში შედის… რა თქმა უნდა, ამ საკითხში უნდა იყოს გარკვეული კონტროლი საქართველოს ევროკავშირთან უვიზო რეჟიმისა და საქართველოს მოქალაქეობის მიმართ გაზრდილი ინტერესის გათვალისწინებით. ვფიქრობ, ყველა საკითხი უნდა გამკაცრდეს და უნდა ვიმოქმედოთ საქართველოს კონსტიტუციის ფარგლებში", — განაცხადა ჩიტაძემ „Sputnik-საქართველოსთან" საუბრისას.

მიგრანტები - Sputnik საქართველო
საქართველოს მოქალაქეობის მიღება გართულდება

ქართული პასპორტის გაცემისას მკაცრად უნდა იყოს დაცული რიგი პირობები, მიიჩნევს ექსპერტი.

„საქართველოს მოქალაქეობის მიღების მსურველმა თითოეულმა ადამიანმა გარკვეული პროცედურები უნდა გაიაროს. მათ შორის კონკრეტული პერსონა, აპლიკანტი მეტ-ნაკლებად უნდა ფლობდეს ქართულ ენას, იცოდეს ქართული კანონმდებლობის საფუძვლები და გამოთქვამდეს მზადყოფნას, აიღოს საკუთარ თავზე პასუხისმგებლობა – პატივი სცეს ქართულ სახელმწიფოსა და კანონმდებლობას", — აღნიშნა ჩიტაძემ.

მისი თქმით, 1995 წლიდან მოყოლებული საქართველოს მოქალაქეობა ბევრ სახელმწიფო ენის არმცოდნეს მიენიჭა.

ორმაგი მოქალაქეობის შემთხვევაში ის უნდა მიენიჭოს პირს, რომელსაც საქართველოს მოქალაქეებთან ახლო ნათესაური კავშირები აქვს, ან პირს, რომელმაც საქართველოს სახელმწიფოებრიობის გამტკიცებაში დიდი წვლილი შეიტანა, აღნიშნა ექსპერტმა.

„ყველა მოცემული ფაქტი გათვალისწინებული უნდა იყოს, მაგრამ, ვფიქრობ, რომ სპეციალურმა კომისიამ თითოეული შემთხვევა ინდივიდუალურად უნდა განიხილოს", — მიიჩნევს ჩიტაძე.

მოქმედი კანონმდებლობით, ადამიანი საქართველოს მოქალაქე ხდება იმ შემთხვევაში, თუ ის დაბადებულია ამ ქვეყანაში და თუნდაც ერთ-ერთი მშობელი მისი დაბადების მომენტში საქართველოს მოქალაქე იყო. მაგრამ ასევე არის სხვა საშუალებები — ნატურალიზაცია: ჩვეულებრივი წესით, შემსუბუქებული წესით, გამონაკლისის სახით, ასევე მოქალაქეობის აღდგენის სახით. ამასთან, მოქალაქეობის მიღების მსურველი ადამიანი შესაბამის მოთხოვნებს უნდა პასუხობდეს.

ევროკავშირმა უვიზო რეჟიმი საქართველოს მოქალაქეებისთვის 28 მარტს აამოქმედა. საუბარია შენგენის ზონის ქვეყნებში მოკლევადიან (180 დღის მანძილზე საერთო ჯამში 90 დღით) ტურისტულ, საქმიან და სტუმრის სტატუსით ვიზიტებზე.

საქართველოს მოქალაქეებს ევროკავშირში მგზავრობისას საჭიროა გააჩნდეთ ბიომეტრიული პასპორტი, სასტუმროს ჯავშანი, უკან დასაბრუნებელი ბილეთი, სამოგზაურო დაზღვევა და მოგზაურობის ფინანსური უზრუნველყოფის დამადასტურებელი საბანკო ამონაწერი.

ყველა ახალი ამბავი
0