თბილისი, 3 სექტემბერი — Sputnik. წელს საჩხერისა და რაჭის შემაერთებელი გზის მშენებლობა დაიწყება, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ამბროლაურში მოსახლეობასთან სიტყვით გამოსვლისას.
„წელს უკვე, მეოთხე კვარტალში, ჩვენ დავიწყებთ საჩხერის და რაჭის შემაერთებელი გზის პირველი მონაკვეთის მშენებლობას, რომელიც სრულიად ახალ შესაძლებლობას გააჩენს რაჭა-ლეჩხუმისთვის და ლენტეხისთვის. დარწმუნებული ვარ, ეს არის ის პროექტი, რომელიც მნიშვნელოვნად გაამარტივებს დედაქალაქთან კავშირის რეგიონის თითოეული მცხოვრებისთვის", — განაცხადა კვირიკაშვილმა.
მისი თქმით, მალე დაიწყება ქუთაისის, ლეჩხუმის, ქვემო სვანეთისა და ზემო სვანეთის შემაერთებელი გზის მშენებლობაც.
„ესეც გახლავთ ქუთაისთან ამ რეგიონის დამაკავშირებელი უმნიშვნელოვანესი პროექტი და ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ სვანეთის, რაჭა-ლეჩხუმის, ლენტეხის დაკავშირება ქუთაისთან, როგორც საქართველოს უმნიშვნელოვანეს ცენტრთან, იქნება ძალიან დიდი სტიმული განვითარებისათვის", — აღნიშნა გიორგი კვირკაშვილმა.
პრემიერ-მინისტრის თქმით, ხელისუფლებას დიდი გეგმები აქვს და უპრეცედენტო ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას აპირებს.
„მთელ საქართველოში იგება გზები, შენდება ახალი აეროპორტები, ესტაკადები, ხიდები და გვირაბები, ნავსადგური. ჩვენ დღეს გვაქვს მიუვალი სოფლები და ამ გეგმის განხორციელებით ჩვენ გადავჭრით ამ პრობლემას", — აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.
პრემიერ-მინისტრმა დღეს ამბროლაურში "ქართული ოცნების " მერობის კანდიდატები რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში წარადგინა.