ეკატერინე მიქარიძე
სამხრეთ საქართველოში, ჯავახეთის მთებში უნიკალური ადგილია, სადაც იქაური მცხოვრებლები სუფთა რუსული ენით საუბრობენ და ძველ ეროვნულ სამოსს ატარებენ. ეს სამოსი თაობიდან თაობას გადაეცემა. აქ, სოფელ გორელოვკაში, მე-19 საუკუნის 40-იან წლებში ჩასახლდნენ დუხობორები — რელიგიური მიმდინარეობის წარმომადგენლები, რომლებიც უარყოფენ საეკლესიო იერარქიასა და სამოქალაქო ხელისუფლებას. 90-იან წლებში მასობრივი ემიგრაციის შემდეგ დუხობორების რაოდენობა საქართველოში შემცირდა — დაახლოებით 135 ადამიანი დარჩა. გორელოვკის მცხოვრებთა თქმით, ყველა სიძნელის მიუხედავად, ისინი არასდროს დატოვებენ წმინდა მიწას, სადაც უკვე თითქმის 200 წელია, ცხოვრობენ.
სამცხე-ჯავახეთის რეგიონი, სადაც სოფელი გორელოვკაა, ქვეყნის სხვა ნაწილებისგან ძალიან გამოირჩევა. აქ ყველგან მაღალი მთებია, ასევე ძალიან ბევრი ტბაა. მათ შორის — ფარავნის ტბა. აქ მკაცრი ბუნებაა და აქედან გამომდინარე — ცოტა მცენარე. ერთადერთი სასოფლო-სამეურნეო კულტურა, რომელიც აქ მოდის, კარტოფილია. ზაფხული აქ ცხელი და მშრალია, ხოლო ზამთარი — ცივი და მკაცრი. ხანდახან ყინვა 30 გრადუსსაც აღწევს. აქ სახლებიც კი სხვაგვარია.
ჩავედით ნინოწმინდაში. ნინოწმინდას 1991 წლამდე ბოგდანოვკა ერქვა. ქალაქის სტატუსიც 1991 წელს მიიღო.ნეს ქალაქი, თუ შეიძლება ასე ითქვას, ყველაზე არაქართული რაიონია. იქ ახლა უმეტესად სომხური მოსახლეობა ცხოვრობს.
გორელოვკამდე 20 წუთის სავალია.
გზაზე ჩანს სახასიათო რუსული კოლორიტული სახლები, თან ყველაფერი ისე ბუნებრივია, თითქოს გეოგრაფიაში რაღაც შეგეშალა და სამხრეთ საქართველოში კი არა, რუსეთის სოფელში ხარ.
ყველაფერს კიდევ ერთი საოცარი რამ ემატება — აქ წეროები ცხოვრობენ. თანაც არა ერთი, ორი ან სამი, არამედ — ბევრი. წერო აქაურების თილისმასავითაა — როგორი მკაცრიც არ უნდა იყოს ზამთარი, ისინი მაინც ბრუნდებიან გაზაფხულის დადგომისთანავე.
აქ არის ერთი საკრალური ადგილი — სამლოცველო სახლი. სწორედ იქით მივემართებით. მას ტრადიციული რუსული ჭიშკარი ამშვენებს. მწვანე ბალახზე პატარა სახლებია ჩადგმული მოხატული დარაბებით.
ერთ-ერთ სახლში დუხობორების სამლოცველოა. კარს კლიტე ადევს. შიგნით შევიხედეთ — იქ არ არის ტრადიციული ქრისტიანული ხატები, სანთლები. დუხობორები უარყოფენ რელიგიურ სიმბოლიკას. მათი აზრით, ღმერთი შინაგანი სინათლეა, რომელიც თითოეულ ინდივიდუმში არსებობს. ღმერთი სიყვარულს გამოსახავს, ამიტომ ყველა ადამიანი თანასწორია. სწორედ ასეთი რწმენით მოდიან დუხობორები თავიანთ სამლოცველოში, სხდებიან გრძელ, კედელთან ჩამწკრივებულ სკამებზე და ცოდვებს ინანიებენ.
დუხობორები ძველი რუსული სექტაა, რომელიც მე-18 საუკუნის ბოლოს აღმოცენდა და პროტესტანტიზმთან არის ახლოს. მისი სწავლების მთავარი არსი ისაა, რომ ადამიანს ღმერთთან ურთიერთობისთვის არანაირი შუამავალი — მღვდელი არ სჭირდება. ამიტომ დუხობორები უარყოფენ რელიგიურ სიმბოლიკას, ეკლესიას, ჯვარს, ლიტურგიასა და ხატებს, რადგან ისინი ადამიანებმა შექმნეს.
დუხობორები უარყოფენ პირველყოფილ ცოდვას, სწამთ სულის გარდასახვის, ინანიებენ მხოლოდ ღმერთთან.
მართლმადიდებლური ეკლესია მიიჩნევდა, რომ დუხობორები სულიწმინდას ებრძვიან, ხოლო მეფის რუსეთი მათში ქვეყნის სტაბილურობის პოტენციურ საფრთხეს ხედავდა.
ეკლესიისა და მთავრობის ინტერესები დაემთხვა და დუხობორების გადასახლება გადაწყვიტეს. მათ შორის ნაწილი კავკასიისკენ გამოეშურა. ასე დაფუძნდნენ ისინი ჯავახეთის მთებში.
სამლოცველოს გვერდით დგას ასევე სხვა შენობა — ობოლთა სახლი. ას წელზე მეტი ხნის წინ აქ ობლები და მოხუცები ცხოვრობდნენ. აქვე ცხოვრობდა თემის ხელმძღვანელი ლუკერია კალმიკოვა. მისი გარდაცვალების შემდეგ თემი ორად გაიყო — მცირე და დიდ თემად. ბოლო ჯგუფის ხელმძღვანელები უკიდურეს პაციფისტებად იყვნენ წარმოდგენილი. სწორედ მათ მოაწყვეს ერთ-ერთი პაციფიზმის ისტორიაში ყველაზე ცნობილი აქცია — იარაღის დაწვა.
მცირე ნაწილის წარმომადგენლები, რომლებიც ძირითადად გორელოვკაში იყვნენ დასახლებული, ამ აქციას არ შეუერთდნენ. აქციის ხელმძღვანელები და მონაწილეები სამაგალითოდ დასაჯეს. ზოგი ციხეში ჩასვეს, ზოგი გააციმბირეს. მათ თავად ლევ ტოლსტოიც კი გამოესარჩლა და ერთ-ერთი წყაროს მიხედვით, რომან „აღდგომის" ჰონორარი დუხობორების კანადაში ემიგრაციაზე დაიხარჯა. სხვა წყაროების მიხედვით, ამ სახსრებით სკოლა აშენდა.
კოლორიტული რუსული სახლები გორელოვკაში ჯერ კიდევ ბევრია, მაგრამ ზოგიერთი უკვე დაკეტილია, ზოგში კი ეთნიკური სომხები ცხოვრობენ. დუხობორების ნაწილი ტოვებს სოფელს, თუმცა ისეთებიც არიან, ვინც მშობლიურ მხარეში ბრუნდება. მათ შორისაა ვასილი სლასტუხინი, რომელმაც ვერსად გაძლო და ისევ საქართველოს დაუბრუნდა.
ვასილი მოგვითხრობს, რომ სოფელში სულ 135 დუხობორი დარჩა, რადგან 90-იან წლებში ბევრი წავიდა. გამოუვალი მდგომარეობის გამო წავიდნენ. მაშინ დანგრეული იყო ყველაფერი, უმუშევრობა… წამსვლელების მეორე ნაკადი 2000-იანებზე მოვიდა. იყო მომენტი, როცა ადამიანები რუსეთის მთავრობის მიერ მიღებული პროგრამით „ნებაყოფლობითი გადასახლება" მიდიოდნენ. თან ქართული ენა არ იცოდნენ. ნახეთ, უკვე 60-ს გადავცდი, მაგრამ ქართული ნორმალურად მაინც არ ვიცი.
ვასილის მეუღლე რაია კი აღნიშნავს, რომ კითხვაც იცის და წერაც, მაგრამ ქართული საუბარი არ ესმის და არც იცის. აქ 1993 წლამდე ქართული სკოლა საერთოდ არ იყო.
მასპინძლებმა ბევრი რამ გაიხსენეს, ძალზე საინტერესო საუბარი გამოვიდა და ამასობაში ჩვენი წამოსვლის დროც დადგა. თბილის გამომშვიდობების შემდეგ უკან გზას დავადექით.
ავტორის მოსაზრება შესაძლოა რედაქციის პოზიციას არ ემთხვეოდეს