თბილისი, 2 სექტემბერი — Sputnik. ოპოზიციონერმა ალეკო ელისაშვილმა, რომელიც თბილისის მერობის დამოუკიდებელი კანდიდატია, ცესკოში მომხრეთა 20 000-მდე ხელმოწერა წარადგინა — ხუთ დღეში მან საჭიროზე ორჯერ მეტი ხელმოწერა შეაგროვა.
ხელმოწერების ცესკოში წარდგენის ვადა 1 სექტემბერს იწურებოდა. რეგისტრაციასთან დაკავშირებულ სირთულეებზე ელისაშვილმა გასულ კვირას Facebook-ის საკუთარ გვერდზე დაწერა, რასაც "ნაციონალური მოძრაობის" მერობის კანდიდატი ზაალ უდუმაშვილ გამოეხმაურა და მზადყოფნა გამოთქვა, რომ ალექსანდრე ელისაშვილის დასახმარებლად უმოკლეს ვადაში შეაგროვოს 10 000 ხელმოწერა, თუმცა ამ შეთავაზებაზე ელისაშვილმა უარი თქვა.
„დიდი პარტიებიც კი ოროსნებივით იწერენ ერთმანეთისგან. ამასვე მირჩევდნენ მეც. მე ტყუილებისთვის და სიყალიბისთვის არ ვარ მოსული პოლიტიკაში", — განაცხადა ელისაშვილმა.
მან აღნიშნა, რომ მის მხარდასაჭერად შეგროვებული ხელმოწერების რაოდენობა იმის გზავნილია, რომ ეს ადამიანები უსამართლობასთან შერიგებას არ აპირებენ.
მერის პოსტზე ბრძოლას აპირებენ ასევე კახა კალაძე („ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველო"), ზაალ უდუმაშვილი („ერთიანი ნაციონალური მოძრაობა"), ელენე ხოშტარია („ევროპული საქართველო — მოძრაობა თავისუფლებისათვის"), თენგო შერგელაშვილი („შენების მოძრაობა"), ირმა ინაშვილი („საქართველოს პატრიოტთა ალიანსი"), კახა კუკავა („გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობა", „დემოკრატიული მოძრაობა — ერთიანი საქართველო", „თავისუფალი საქართველო").