თბილისი, 29 აგვისტო — Sputnik. თბილისის მერობის დამოუკიდებელი კანდიდატის, ალექსანდრე ელისაშვილის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი ვანო ნორაკიძე პოლიციაში გამოცხადდა, სადაც ის ამომრჩევლების შეცდომაში შეყვანის შესახებ განცხადების შემდეგ დაიბარეს.
ნორაკიძემ პოლიციას ორშაბათს მიმართა. საქმე ეხება სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოჩანაწერს, სადაც ჩანს, რომ რამდენიმე გოგონა, რომლებსაც აცვიათ მაისურები "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ლოგოტიპით, ელისაშვილისთვის ხელმოწერებს აგროვებენ.
ელისაშვილის საარჩევნო შტაბში ირწმუნებიან, რომ ეს მმართველი პარტია "ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველოს" დაგეგმილი პროვოკაციაა. მათ სამართალდამცველებს საქმის ობიექტური გამოძიებისკენ მოუწოდეს და ვიდეოჩანაწერში დაფიქსირებული ადამიანების იდენტიფიცირება მოითხოვეს.
"გუშინ დაფიქსირდა საარჩევნო მანიპულაციის ფაქტი, სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, რომელშიც ჩანს, რომ დაუდგენელი პირები სხვადასხვა პარტიის სიმბოლიკიან მაისურებში გამოწყობილები, მოქალაქეებს ალექსანდრე ელისაშვილის მხარდამჭერებად წარუდგენე თავს და მისი მხარდაჭერის მიზნით, სთხოვენ პერსონალურ მონაცემებს, ასევე გაურკვეველი წარმომავლობის ბლანკზე ხელმოწერას. ხელმომწერ მოქალაქეებს კი ჰგონიათ, რომ მათ უკვე დაადასტურეს თავიანთი მხარდაჭერა ალექსანდრე ელისაშვილის მიმართ და აღარ აწერენ ხელს იმ საარჩევნო ბლანკებს, რომლებიც ნამდვილად ეკუთვნის ალექსანდრე ელისაშვილს და რომელიც კანონმდებლობით სავალდებულოდ წარსადგენია ცესკო-ში მერობის კანდიდატის არჩევნებში მონაწილეობის უზრუნველსაყოფად", განუცხადა ნორაკიძემ ჟურნალისტებს.
თუ ელისაშვილი 1 სექტემბრამდე 10 ათას ხელმოწერას ვერ შეაგროვებს, ის თბილისის მერის არჩევნებში მონაწილეობას ვერ მიიღებს. რეგისტრაციასთან დაკავშირებულ სირთულეებზე ელისაშვილმა გასულ კვირაში Facebook-გვერდზე დაწერა.
დამოუკიდებელი კანდიდატის განცხადებას "ნაციონალური მოძრაობის" მერობის კანდიდატი ზაალ უდუმაშვილ გამოეხმაურა და მზადყოფნა გამოთქვა, რომ ალექსანდრე ელისაშვილის დასახმარებლად უმოკლეს ვადაში შეაგროვოს 10 000 ხელმოწერა, თუმცა ამ შეთავაზებაზე ელისაშვილმა უარი თქვა.
თბილისის მერობის კანდიდატები ამჟამად არიან კახა კუკავა, კახა კალაძე, ზაალ უდუმაშვილი, ელენე ხოშტარია, თენგო შერგელაშვილი და ირმა ინაშვილი. ასევე, დამოუკიდებელი კანდიდატი ალექსანდრე ელისაშვილი.
ადგილობრივი არცევნები საქართველოში 21 ოქტომბერს გაიმართება.