თბილისი, 2 სექტემბერი — Sputnik. უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროში განმარტავენ, რომ ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ძმა, დავით სააკაშვილი არ დაუკავებიათ, იუწყება „საზოგადოებრივი მაუწყებლის" პირველი არხი.
უკრაინის შსს-ს კომუნიკაციის დეპარტამენტის ხელმძღვანელ არტიომ შევჩენკოს განცხადებით, კიევის პოლიციამ უზრუნველყო საქართველოს მოქალაქის გადაყვანა საიმიგრაციო სამსახურის ორგანოებში.
მისი ინფორმაციით, დავით სააკაშვილის ბინადრობის ნებართვა მიმდინარე წლის მარტში გაუქმდა, რადგან მანამდე გაუქმდა მასზე გაცემული მუშაობის ნებართვა.
შევჩენკოს თქმით, ჯერ კიდევ მაშინ სააკაშვილი ინფორმირებული იყო, რომ უკრაინაში ყოფნა აღარ შეეძლო, თუმცა ქვეყანა არ დაუტოვებია და უკრაინის ტერიტორიაზე უკანონოდ იმყოფებოდა.
შსს-ში განმარტავენ, რომ დავით სააკაშვილის დეპორტაცია მის მიერ დასახელებულ ნებისმიერ ქვეყანაში შეიძლება განხორციელდეს. ამასთან, მას, სავარაუდოდ, ადმინისტრაციული ჯარიმა დაეკისრება.
ახლახან გავრცელდა საქართველოს ექს-პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადება, სადაც ის თავისი ძმის დაკავების შესახებ წერს.