თბილისი, 2 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა 1952 წელს დაბადებული, წარსულში რამდენჯერმე ნასამართლევი, რუსეთის ფედერაციის მიერ დეპორტირებული მ.გ., კანონიერი ქურდობის ბრალდებით, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
სამართალდამცველებმა მ.გ. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში იმ დროს დააკავეს, როდესაც რუსეთის ფედერაციიდან საქართველოში ჩამოფრინდა.
როგორც განოძიებით დადგინდა მ.გ. 1980 წლიდან ე.წ. ქურდულ სამყაროში აღიარებულია „კანონიერ ქურდად". ასევე დადგინდა, რომ იგი ბოლო წლების განმავლობაში უკრაინასა და რუსეთში იმყოფებოდა.
გამოძიება კანონიერი ქურდობის ფაქტზე საქართველოს სსკ-ს 223-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ისჯება თავისუფლების აღკვეთით 7-დან 10 წლამდე ვადით, ჯარიმით ან უამისოდ.