თბილისი, 2 სექტემბერი — Sputnik. ცნობილმა პიანისტმა და „იუნესკოს არტისტმა" ელისო ბოლქვაძემ 2 სექტემბერს საკუთარი გამოსვლით გახსნა კლასიკური მუსიკის მეხუთე საიუბილეო საერთაშორისო ფესტივალი Batumi Music Fest-ი, რომლის დამფუძნებელიც თავად არის.
ფესტივალი 8 სექტემბრამდე გაგრძელდება და სხვადასხვა ქვეყნის სახელოვან მუსიკოსებსა და ამომავალ ვარსკვლავებს შეკრებს.
წელს Batumi Music Fest-ი იუნესკოს პატრონაჟით ტარდება — ეს საქართველოს ფესტივალების ისტორიაში პირველი შემთხვევაა. საინფორმაციო სააგენტო და რადიო „Sputnik-საქართველო" 2017 წელს Batumi Music Fest-ის საინფორმაციო პარტნიორი გახდა.
პირველ კონცერტზე ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრის სცენაზე ელისო ბოლქვაძე ბათუმის სიმფონიურ ორკესტრთან ერთად გამოვიდა. ქართველ პიანისტთან ერთად სცენაზე იყო ვიოლონჩელისტი ალექსანდრ ჩაუშიანი, ორკესტრს დავით მუქერია დირიჟორობდა.
შემსრულებელთა შორის არიან 28 წლის პიანისტი რუსეთიდან ალექსანდრა მასალევა, პიანისტი საფრანგეთიდან ნათანიელ გუნი, ვიოლონჩელისტი ბრიტანეთიდან ალექსანდრ ჩაუშიანი, პიანისტი იტალიიდან პიეტრო დე მარია, ფერენც ლისტის სახელობის კამერული ორკესტრი უნგრეთიდან, ქართველი პიანისტები დავით ალადაშვილი, ანა ყიფიანი, ვოკალური ანსამბლი „ქართული ხმები".
ფესტივალის პროგრამაშია ბეთჰოვენის, ბახის, მოცარტის, შოპენის, ვაგნერის, სენ-სანსის, ლისტის, ბერლიოზის, დვორჟაკის, ლიგეტის, გრიგისა და სხვების ნაწარმოებები.
ფესტივალის ფარგლებში 6 სექტემბერს, 20:30 საათზე ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრის სცენაზე გაიმართება პოეტური საღამო, რომელშიც მონაწილეობას მიიღებს ცნობილი ქართველი მსახიობი მურმან ჯინორია.
Batumi Music Fest-ი დასრულდება 8 სექტემბერს ცნობილი ფრანგი პიანისტისა და კომპოზიტორის, მიშელ სონის საერთაშორისო ფონდ SOS Talnets-ის ვარსკვლავების კონცერტით. სცენაზე მსმენელის წინაშე წარდგებიან ელისო ბოლქვაძე, მიშელ სონი და ფონდის წევრები. გალა-საღამოს პროგრამა გასაიდუმლოებულია.
Batumi Music Fest-ის მხარდამჭერია საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო — სახელმწიფო პროგრამა Check in Georgia-ს ფარგლებში, რომლის მიზანიცაა საქართველოს პოპულარიზაცია საერთაშორისო დონეზე.