ცნობილი ქართველი პიანისტი, კლასიკური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალ Batumi Music Fest-ის დამფუძნებელი ელისო ბოლქვაძე Sputnik-ს ფესტივალის მთავარ აქცენტებსა და სამომავლო გეგმებზე ესაუბრა.
რიგით მეხუთე, საიუბილეო ფესტივალი წელს 2-8 აგვისტოს იუნესკოს პატრონაჟით გაიმართება — პირველად საქართველოს საფესტივალო ისტორიაში. ახალი ამბების სააგენტო და რადიო Sputnik-საქართველო ფესტივალის საინფორმაციო პარტნიორია.
„მინდა, რომ ეს ფესტივალი ქართული პროდუქცია იყოს და არა რომელიმე სხვა ფესტივალის ასლი. მინდა, რომ ფესტივალი იდენტიფიცირდებოდეს საქართველოსთან, რომ წარმოადგენდეს ახალ საქართველოს. ამიტომაც ეს ფესტივალის პროგრამასა და მიმართულებებში უნდა აისახოს, ისეთებში, როგორიცაა მუსიკალური დიპლომატია, ბავშვების განვითარება, საგანმანათლებლო პროგრამა. მთავარი ისაა, რომ ჩვენ შეგვიძლია უცხოეთს ქართველი კომპოზიტორები, მხატვრები წარვუდგინოთ, ანუ ქართველი ხალხის სიამაყე“, — განაცხადა ელისო ბოლქვაძემ.
მისი თქმით, სამომავლოდ Batumi Music Fest-ზე აუცილებლად იქნება გათვალისწინებული ახალი აქცენტები: ფესტივალზე მოეწყობა იმ ახალგაზრდა ქართველი კომპოზიტორების შემოქმედებითი საღამოები, რომელთა სახელები ჯერ არ სმენია ქართულ საზოგადოებას. გარდა ამისა, ჩატარდება ქართველი მხატვრების გამოფენები და ბევრი სხვაც.
როგორც ფესტივალის დამაარსებელმა აღნიშნა, Batumi Music Fest-მა მომავალში შესაძლოა საზღვრები განავრცოს და კონცერტები საქართველოს სხვა ქალაქებში ჩატარდეს.
ელისო ბოლქვაძემ ხაზი გაუსვა, რომ კონკურსის ფარგლებში დაგეგმილია ორი საგანმანათლებლო კომპონენტი.
პირველი: მუსიკალური ბანაკი Art Camp. სადაც ქვეყნის ყველა კუთხიდან 350 ბავშვი დაესწრება კონცერტებს, ექსკლუზიურ მასტერ-კლასებს, ეზიარება კლასიკურ მუსიკას. პროექტის მხარდამჭერი განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო იქნება.
მეორე: ნორჩი შემსრულებლების კონკურსი, რომლის ფარგლებშიც გათვალისწინებულია ფულადი პრემიები და ქართველი მუსიკოსების პრომოუტირების უნიკალური შანსი: საერთაშორისო სემინარები, კონცერტები და სხვა შანსები მუსიკალური კარიერის განვითარებისთვის.
„ჟიური ხუთი კომპეტენტური წევრისგან შედგება, რომლებიც, რასაკვირველია, მაქსიმალურად ობიექტურები იქნებიან. ამასთან, ისინი ყურადღებას გაამახვილებენ ბავშვის პოტენციალზე და არა იმაზე, თუ რას აკეთებს დღეს. მინდა, რომ ეს ყველამ გაიგოს. იმიტომ რომ ის, რასაც ბავშვი დღეს აკეთებს — ეს მისი მაქსიმუმი ვერ იქნება. ჩვენ აუცილებლად წავახალისებთ ამ ნორჩ მუსიკოსებს“, — განაცხადა ბოლქვაძემ.
კლასიკური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი Batumi Music Fest-ი თავს მოუყრის როგორც სახელგანთქმულ მუსიკოსებს, ისე სხვადასხვა ქვეყნის ამომავალ მუსიკალურ ვარსკვლავებს. წელს ფესტივალში მონაწილეობას მიიღებენ ქართველი, ბრიტანელი, იტალიელი, რუსი და უნგრელი მუსიკოსები.
ფესტივალის პროგრამაშია ბეთჰოვენის, ბახის, მოცარტის, შოპენის, ვაგნერის, სენ-სანსის, ლისტის, ბერლიოზი, დვორჟაკის, ლიგეტის, გრიგისა და სხვების ნაწარმოებები.
Batumi Music Fest-ის მხარდამჭერია საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო — სახელმწიფო პროგრამა Check in Georgia-ს ფარგლებში, რომლის მიზანიცაა საქართველოს პოპულარიზაცია საერთაშორისო დონეზე.