თბილისი, 1 სექტემბერი — Sputnik. უკრაინის გენერალურმა პროკურატურამ საქართველოს შსს-ს სპეცრაზმის ყოფილი მებრძოლის გიორგი (გია) ცერცვაძის გადაცემაზე რუსეთს უარი უთხრა, განაცხადა ბრიფინგზე მისმა ადვოკატმა ქსენია პროკონოვამ.
ინტერპოლის მიერ ძებნილი გიორგი ცერცვაძე 2017 წლის 15 იანვარს კიევის აეროპორტში რუსეთის მოთხოვნის საფუძველზე დააკავეს. მას ქალაქ სოჭში 2003 წელს მომხდარ განზრახ მკვლელობასა და მკვლელობის მცდელობაში ედება ბრალი. კიევის სასამართლოს გადაწყვეტილებით მას 40-დღიანი პატიმრობა შეეფარდა, მაგრამ მოგვიანებით ცერცვაძე გაათავისუფლეს.
„უკრაინის გენერალურმა პროკურატურამ შეისწავლა ყველა ის მონაცემი, რომელიც ღიად ხელმისაწვდომი იყო. რა თქმა უნდა, ამ პროცესზე დიდი მნიშვნელობა და გავლენა ჰქონდა მედიას და უარის შესახებ გადაწყვეტილება მიღებულია. ანუ, უკრაინის გენერალური პროკურატურა გიას რუსეთს არ გადასცემს. ამის შესახებ ოფიციალური დოკუმენტები უკვე მივიღეთ", — განაცხადა პროკონოვამ.
მან ასევე განაცხადა, რომ ამ გადაწყვეტილების შემდეგ ცერცვაძეს უკრაინის ტერიტორიაზე ლეგალურად ცხოვრებისა და მუშაობის უფლება ექნება. ამავე დროს, მან აღნიშნა, რომ გადაადგილების კუთხით ცერცვაძე შეზღუდული იქნება, რადგან რჩება მთელი რიგი ქვეყნებისა, რომლებსაც მისი დაკავება და რუსეთში ექსტრადირება შეუძლიათ. კერძოდ, ასეთ ქვეყნებს თურქეთი და ეგვიპტე განეკუთვნება.
პროკონოვამ აღნიშნა, რომ მომავალში ცერცვაძე უკრაინის მოქალაქეობის მიღებაზე განაცხადის შეტანას აპირებს, რასაც ერთ წლამდე ვადა შეიძლება დასჭირდეს.
ცერცვაძის დაპატიმრების შემდეგ ცნობილი გახდა, რომ ის 1992-1993 წლებში აფხაზეთის ომის, 2008 წლის აგვისტოს ომისა და სამხრეთ-აღმოსავლეთ უკრაინაში მიმდინარე საომარი მოქმედებების მონაწილე იყო.
ცერცვაძის დაკავებამ საქართველოში აჟიოტაჟი გამოიწვია. რიგი ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა ქვეყნის ხელისუფლება დაადანაშაულეს იმაში, რომ ის ფარულად თანამშრომლობს რუსულ სამართალდამცველ ორგანოებთან და მათ ცერცვაძის პირადი მონაცემები გადასცა, ასევე სპეციალურად არ გააფრთხილა, რომ ის ინტერპოლით იძებნებოდა რუსეთის თხოვნის საფუძველზე.
საქართველოს ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ცერცვაძის შესახებ რუსეთისთვის ინფორმაცია არ მიუწოდებია.