თბილისი, 1 სექტემბერი — Sputnik. ქართველმა ძიუდოისტმა უშანგი მარგიანმა (-90 კგ) ბუდაპეშტის მსოფლიო ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
მესამე ადგილისათვის ბრძოლაში მარგიანმა ამ წონით კატეგორიაში მსოფლიო რეიტინგის ლიდერს, სერბ ალექსანდრ კუკოლს სძლია და საქართველოს გუნდს მეორე ბრინჯაოს მედალი მოუტანა.
მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს ამავე წონით კატეგორიაში კიდევ ერთი ძიუდოისტი წარადგენდა — ბექა ღვინიაშვილი, თუმცა მან საკუთარი გამოსვლა 1/16-ფინალის სტადიაზე დაასრულა, როდესაც სლოვენიის წარმომადგენელს მიხაელ ჟგანკს დაუთმო. თანაც ღვინიაშვილმა მსაჯების გადაწყვეტილების გამო წააგო. მათ ჩათვალეს, რომ ქართველმა სპორტსმენმა ჰაერში არამართლზომიერი მოძრაობა გააკეთა, რომელსაც მძიმე ტრავმის გამოწვევა შეეძლო. IJF-ის ეგიდით ჩატარებულ ტურნირებზე მსგავსი დარღვევა დისკვალიფიკაციით ისჯება.
ნინო ოძელაშვილიც (-70 კგ) მსგავს სიტუაციაში აღმოჩნდა. ნიგერიელ ვინი გოფიტთან ბრძოლის პირველ რაუნდში მსაჯებმა შენიშნეს, რომ ქართველ სპორტსმენს ჯვარი არ მოუხსნია. IJF-ის წესების მიხედვით, ბრძოლის დროს ნებისმიერი სამკაული აკრძალულია და ნინო ოძელაშვილმა დისკვალიფიკაცია მიიღო.
ამგვარად, მსოფლიო ჩემპიონატის ხუთი დღის შემდეგ საქართველოს ნაკრებმა ორი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ტურნირზე მესამე ადგილი მანამდე ვაჟა მარგველაშვილმა (-66 კგ) დაიკავა.
2 სექტემბერს ტურნირზე მამაკაცები მედლებს ორ წონით კატეგორიაში გაათამაშებენ — 100 კგ-მდე და 100 კგ-ზე ზემოდ. პირველ კატეგორიაში საქართველოს ვარლამ ლიპარტელიანი წარმოადგენს, მეორეში კი ორი სპორტსმენი — ადამ ოქრუაშვილი და გურამ თუშიშვილი.
რაც შეეხება ქალებს, ისინი 78 კგ-ზე ზემოდ წონით კატეგორიაში იასპარეზებენ, სადაც საქართველოს ელენე ქებაძე წარადგენს.