თბილისი, 31 აგვისტო — Sputnik. ბუდაპეშტის მსოფლიო ჩემპიონატის მერვედფინალში ქართველმა ძიუდოისტმა ზებედა რეხვიაშვილმა (-81 კგ) ჰოლანდიელ ფრანკ დე ვიტთან წააგო და მედლის მოპოვების შანსი დაკარგა.
რეხვიაშვილმა ტურნირზე ასპარეზობა მეორე წრეში დაიწყო, ურუგვაის წარმომადგენელთან, ალან აპრაჰამიანთან გამარჯვებით. ბრძოლის გასაგრძელებლად ზებედას ერთი წუთი და 40 წამი დასჭირდა.
გაცილებით რთული იყო ბრძოლა ხორვატ დომინიკ დრუზეტასთან. საფინალო სასტვენამდე მხოლოდ 20 წამით ადრე შეძლო რეხვიაშვილმა ბრძოლა ე.წ. "ოქროს დროში" გადაეყვანა. იგრძნობოდა, რომ ქართველი სპორტსმენი დაიღალა, და ხორვატის მიერ მიღებული გაფრთხილება რომ არა, რეხვიაშვილი, სავარაუდოდ, დამარცხდებოდა.
მერვედფინალში დაღლილმა და დაქანცულმა რეხვიაშვილმა ჰოლანდიელს ღირსეული წინააღმდეგობა ვერ გაუწია. მანამდე მეტოქეები ერთმანეთს ორჯერ შეხვედრილან, და მათი პირადი დაპირისპირების ანგარიში თანაბარი იყო — 1:1. ამ გამარჯვების შემდეგ დე ვიტი დაწინაურდა.
მსოფლიო ჩემპიონატის ოთხი დღის შემდეგ საქართველოს ნაკრების აქტივში მხოლოდ ერთი ბრინჯაოს მედალია, რომელიც ვაჟა მარგველაშვილმა (-66 კგ) მოიგო.
1 სექტემბერს ბუდაპეშტის ტურნირზე მამაკაცები მედლებს 90 კგ-მდე წონით კატეგორიაში გაათამაშებენ, ქალებში უძლიერესი სპორტსმენი 70 კგ-მდე წონით კატეგორიაში გამოვლინდება. საქართველოს ნაკრებს წარადგენენ — ბექა ღვინიაშვილი, უშანგი მარგიანი და ნინო ოძელაშვილი.