თბილისი, 1 სექტემბერი — Sputnik. ძალაში შევიდა საქართველოსა და ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციის (EFTA) ქვეყნებს შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება, ნათქვამია ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს განცხადებაში.
1960 წელს დაარსებული EFTA-ს შემადგენლობაში შედიან ნორვეგია, ისლანდია, შვეიცარია და ლიხტენშტეინი. შეთანხმება საქართველოს ამ ქვეყნების 14 მილიონიან, მაღალ მსყიდველობითუნარიან ბაზარს უხსნის.
ამ ეტაპზე შეთანხმება ძალაში შევა მხოლოდ საქართველოს, ნორვეგიასა და ისლანდიას შორის. საქართველოს, შვეიცარიასა და ლიხტენშტეინის შორის შეთანხმება ძალაში შევა შვეიცარიისა და ლიხტენშტეინის მიერ შეთანხმების რატიფიცირებიდან 3 თვის შემდეგ.
შეთანხმება ითვალისწინებს, რომ საქართველოში წარმოებული ნებისმიერი სამრეწველო პროდუქცია ამ ოთხ ქვეყანაში დამატებითი საბაჟო გადასახადების გარეშე შევა. სოფლის მეურნეობის პროდუქციის მიმართ ნულოვანი ტარიფი იმოქმედებს. გარკვეულ პროდუქციაზე ტარიფები მინიმუმამდეა დაყვანილი და თითქმის ორჯერ შემცირდა.
საქართველოსა და EFTA-ს შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციის მინისტერიალის ფარგლებში 2016 წლის 27 ივნისს ქალაქ ბერნში გაფორმდა. თავდაპირველად, EFTA-ს ქვეყნებთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებაზე მოლაპარაკებების დასასრულებლად გათვალისწინებული იყო ოთხი რაუნდი, თუმცა მხარეებს შორის ეფექტური და ნაყოფიერი თანამშრომლობის შედეგად, აღნიშნული მოლაპარაკებებები სამ რაუნდში დასრულდა.