თბილისი, 14 მაისი-Sputnik. საქართველოს ეკონომოკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის კომერციის სამინისტრომ, პეკინში, ხელი მოაწერეს ხელშეკრულებას თავისუფალი ვაჭრობის თაობაზე.
მოლაპარაკებები რეკორდულად მოკლე დროში — შვიდ თვეში ჩატარდა და ხელშეკრულების მემორანდუმს ხელი მოეწერა გასული წლის ოქტომბერში, ნათქვამია საქართველოს მთავრობის facebook გვერდზე.
ხელმოწერილი დოკუმენტის თანახმად, ქართული პროდუქციის დაახლოებით 94% ჩინეთში, საბაჟო გადასახადისგან გათავისუფლდება.
ხელშეკრულება ძალაში შევა ორივე ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოებში რატიფიკაციის შემდეგ.
ბოლო წლებია საქართველო და ჩინეთი აქტიურად თანამშრომლობენ. ჩინეთი შედის საქართველოს ძირითად სავაჭრო პარტნიორთა ოთხეულში. სავაჭრო ბრუნვამ ამ წლის პირველ კვარტალში 176 მილიონი დოლარი შეადგინა.
ჩინეთს გააქვს სამთო მადანი და კონცენტრატები, ჯართი, სპირტიანი სასმელები და რა თქმა უნდა ღვინო.
რუსეთის შემდეგ ჩინეთი მეორეა საქართველოდან იმპორტირებული ღვინის რაოდენობით. ქართული ღვინის ექსპორტი იანვარ-აპრილში 270% გაიზარდა გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით.