თბილისი, 31 აგვისტო — Sputnik. სახალხო დამცველის აპარატის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, საქართველოს მასშტაბით, 189 საჯარო სკოლა ავარიულია
„2016 წელს ავარიულ მდგომარეობაში ფუნქციონირებდა 209 საჯარო სკოლა, მათგან 42 არ ექვემდებარებოდა აღდგენა–გამაგრებით სამუშაოებს. ამასთან, თითქმის ყველა საჯარო სკოლა საჭიროებს ცალკეულ სარემონტო–სარეაბილიტაციო სამუშაოს" ნათქამია აპარატის ვებგვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაში.
სახალხო დამცველის აპარატის ცნობით, ავარიულ და სარეაბილიტაციო საჯარო სკოლებში 42 394 მოსწავლე ირიცხება, მათ შორის არის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მონაცემებიც. მდგომარეობა განსაკუთრებით მძიმეა მაღალმთიან რეგიონებსა და სოფლად მდებარე საჯარო სკოლებში.
„მოწოდებული ინფორმაციით, ავარიულ სკოლებში მოსწავლეთა უსაფრთხოების მიზნით ტარდება აუცილებელი ღონისძიებები, თუმცა, მსგავსი ღონისძიებები რიგ შემთხვევებში სათანადოდ ვერ უზრუნველყოფს მოსწავლეთა უსაფრთხოების ჯეროვან დაცვას" — აღნიშნულია ვებგვერდზე.
საქართველოს სახალხო დამცველმა რეკომენდაციით მიმართა საქართველოს მთავრობასა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საჯარო სკოლების ინფრასტრუქტურული მდგომარეობის გაუმჯობესებისა და მოსწავლეთა უსაფრთხოების დაცვისათვის საჭირო ღონისძიებათა გატარების მიზნით.
საქართველოს სახალხო დამცველი მიუთითებს, რომ აუცილებელია, აქტიურად განხორციელდეს საჯარო სკოლებში მოსწავლეთა უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესებაზე ორიენტირებული ღონისძიებები, განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდეს განათლების ხელმისაწვდომობასა და ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში უსაფრთხო ფიზიკური გარემოს უზრუნველყოფაზე. ასევე, უნდა გაუმჯობესდეს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ინფრასტრუქტურული მდგომარეობა და განახლდეს სასწავლო ინვენტარი, განსაკუთრებით, სოფლად და მაღალმთიან რეგიონებში. მნიშვნელოვანია, უფრო ინტენსიური გახდეს ახალი საჯარო სკოლების მშენებლობა.
როგორც აპარატის ვებ გვერდზეა აღნიშნული, მისასალმებელია, რომ 2015–2017 წლებში საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში ახალი საჯარო სკოლები შენდება, თუმცა, მათი რიცხვი მცირეა. მცირეა ასევე აღდგენა–სარეაბილიტაციო (გამაგრებითი) ღონისძიებები. 2015–2017 წლების გეგმების ფარგლებში, დაიწყო 22 საჯარო სკოლის მშენებლობა და დასრულდა 8 საჯარო სკოლის მშენებლობა. დაგეგმილია 35 საჯარო სკოლის გამაგრებითი სამუშაოები და 518 საჯარო სკოლის ნაწილობრივი რეაბილიტაცია, თუმცა აუცილებელია, რომ აღნიშნული პროცესი განხორციელდეს დროულად და ხელი არ შეეშალოს 2017 წლის საშემოდგომო სემესტრის დაწყებას.
16 აგვისტოს საქართველოს სახალხო დამცველმა რეკომენდაციით მიმართა საქართველოს მთავრობასა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საჯარო სკოლების ინფრასტრუქტურული მდგომარეობის გაუმჯობესებისა და მოსწავლეთა უსაფრთხოების დაცვისათვის საჭირო ღონისძიებათა გატარების მიზნით.