თბილისი, 31 აგვისტო — Sputnik. ოზურგეთში ნასვამმა მამაკაცმა ყოფილი ცოლი, შვილი და ცოლისდა დაჭრა, იუწყება ტელეკომპანია Imedi.
შემთხვევა ოზურგეთში სერის დასახლებაში მოხდა. კაცმა 38 წლის ყოფილი ცოლი ჯერ სასტიკად სცემა და შემდეგ ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრა.
ამის შემდეგ მამაკაცმა შვილი და ცოლისდაც დაჭრა.
ადგილობრივების ინფორმაციით, ნასვამ მდგომარეობაში მყოფი მამაკაცი ყოფილი ცოლის ოჯახში, სავარაუდოდ, სანადირო თოფით მივიდა.
დაშავებულები ოზურგეთის სამედიცინო ცენტრში გადაიყვანეს, სადაც მათ პირველადი სამედიცინო დახმარება ჩაუტარდათ.
"სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ღამის 01:00 საათზე შემოიყვანა დაჭრილი ქალბატონები და ბავშვი, სამივეს გაეწია სამედიცინო დახმარება, ქალები გაწერილი არიან კლინიკიდან, ბავშვი კი ამ წუთებში გაეწერება", — აცხადებენ კლინიკაში.
მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს და ითვალისწინებს სამიდან ხუთ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას.