თბილისი, 31 აგვისტო — Sputnik. რუსეთის უსაფრთხოების ფედერალურმა სამსახურმა მოსკოვსა და მოსკოვის ოლქში 1 სექტემბრისთვის დაგეგმილი ტერაქტები აღკვეთა, ნათქვამია უწყების ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.
„ქალაქ მოსკოვისა და მოსკოვის ოლქის ტერიტორიაზე გამოვლენილია და აღკვეთილია ცენტრალური აზიის რეგიონის ორი მკვიდრის დანაშაულებრივი საქმიანობა, რომლებიც მიმდინარე წლის 1 სექტემბერს მასობრივი თავშეყრის ადგილებში ტერორისტული აქტების მოწყობას გეგმავდნენ", — ნათქვამია განცხადებაში.
ერთ-ერთმა დაკავებულმა ინტერნეტში ტერორისტული ორგანიზაცია "ისლამური სახელმწიფოს" წევრებისადმი საკუთარი ვიდეომიმართვა ატვირთა. მიმართვაში მან ტერორისტების ე.წ. ერთგულების ფიცი დადო. ამის შემდეგ „ისლამური სახელმწიფოს" ახალი წევრი მოქალაქეებზე ცივი იარაღით თავდასხმებს გეგმავდა.
მეორე დაკავებულმა, რომელიც ასევე „ისლამური სახელმწიფოს" წევრია, თვითმკვლელი უნდა გამხდარიყო და თავი ხალხში აეფეთქებინა. მის საცხოვრებელ ადგილას აღმოჩენილია დიდი სიმძლავრის ასაფეტქებელი მოწყობილობა და მისი დამზადებისთვის საჭირო კომპონენტები.
დაკავებულთა მიმართ აღიძრება სისხლის სამართლის საქმეები „ტერორისტული აქტის მომზადების, ტერორისტული ორგანიზაციის საქმიანობაში მონაწილეობის, იარაღის, ასაფეთქებელი ნივთიერებებისა და ასაფეთქებელი მოწყობილობების უკანონო ბრუნვის კვალიფიკაციით".