თბილისი, 31 აგვისტო — Sputnik. აბასთუმნის ტყეში ცეცხლის ღია კერები ჩამქრალია და ამდენად, ავიაციის გამოყენების აუცილებლობა ამ ეტაპზე აღარ არის, განაცხადა საქართველოს შს მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.
მიუხედავად ამისა, მზადყოფნაშია ხუთი ვერტმფრენი და საჭიროების შემთხვევაში ისინი ხანძრის ჩაქრობის პროცესში ჩაერთვებიან, აღნიშნა მინისტრმა.
მღებრიშვილის თქმით, გამოძიება ხანძრის გაჩენის მიზეზების შესახებ დაწყებულია და ტარდება შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები.
"ადგილზე ჩასულები არიან გამომძიებლები. ერთი ჯგუფი არის შესული ტყეში და ათვალიერებს შემთხვევის ადგილს", — განაცხადა მინისტრმა.
გუშინ მღებრიშვილმა განაცხადა, რომ აბასთუმნის ტყეში ხანძრის მიზეზები სხვადასხვა შეიძლება იყოს და მისი სუბიექტური აზრით ხელოვნური მიზეზიც გამორიცხული არ არის.
ხანძარი აბასთუმანთან ახლოს ტყეში სამშაბათს გაჩნდა. ავიაციის გარდა, ცეცხლის ჩაქრობაში ჩართულია შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს, შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტისა და დაცული ტერიტორიების სააგენტოს 1500-მდე თანამშრომელი. ტყეში გაიჭრა 5 კილომეტრამდე გზა და ხანძრის კერებთან შეყვანილია ხანძარსაწინააღმდეგო ტექნიკა.
წინასწარი ინფორმაციით, ხანძარმა 5 ჰექტარი ტერიტორია მოიცვა.
საქართველო 2017 წლის ზაფხულში ხანძრების სერიამ მოიცვა. განსაკუთრებით გახშირდა ტყის ხანძრები აგვისტოში. ყველაზე დიდი ხანძარი ბორჯომის ხეობაში მოხდა, რომლის დროსაც 100 ჰექტარზე მეტი ტყის ფართობი დაიწვა.