თბილისი, 31 აგვისტო — Sputnik. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ ალექსანდრე თევდორაძემ და თურქული სამშენებლო კომპანია POLAT YOL & MAPA-ს წარმომადგენელმა ემრე პოლატმა ბათუმის შემოვლითი გზის 13 კილომეტრიანი მონაკვეთის მშენებლობის ხელშეკრულებას მოაწერეს ხელი.
პროექტის ფარგლებში აშენდება 2-ზოლიანი ასფალტის გზა, 19 სახიდე გადასასვლელი, 4 სატრანსპორტო კვანძი, 5 გვირაბი და 57 წყალგამტარი მილი. ამჟამად არსებული გზა გადის ტურისტულ და საცხოვრებელ ზონაში, რაც ართულებს საერთაშორისო სატრანზიტო ტრანსპორტის მიმოსვლას.
„პროექტის განხორციელების შედეგად, ბათუმის შემოვლითი გზა (ქობულეთის შემოვლით გზასთან ერთად) სრულად განტვირთავს მოძრაობას აჭარის საკურორტო ზონაში, რაც ხელს შეუწყობს სატრანზიტო ტვირთბრუნვის გაზრდას", — აღნიშნულია დეპარტამენტის განცხადებაში.
ახალი შემოვლითი გზა გაივლის: მახინჯაურს, განთიადს, კაპრეშუმს, სალიბაურს, ფერიას, მახვილაურსა და ხელვაჩაურს.
პროექტს ერთობლივად აფინანსებენ აზიის განვითარების ბანკი (ADB) და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკი (AIIB). ღირებულება — 329 630 734 ლარია. პროექტი 2020 წელს დასრულდება.
შემოვლითი გზის მშენებლობა პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის ინიციატივის ნაწილია, რომელიც ქვეყნის სივრცითი განვითარებას ითვალისწინებს.