თბილისი, 30 აგვისტო — Sputnik. საქართველოს ხელისუფლება აბასთუმანთან ტყეში გაჩენილი ხანძრის ჩაქრობაში დახმარებისთვის კონსულტაციებს აწარმოებს ირანთან, აზერბაიჯანთან და საფრანგეთთან, აღნიშნულია საქართველოს შსს-ს ვებ-გვერდზე განთავსებულ განცხადებაში.
ხანძარი აბასთუმანთან ახლოს ტყეში სამშაბათს გაჩნდა. ცეცხლს ებრძვის შსს-სა და დაცული ტერიტორიების სააგენტოს ათასზე მეტი თანამშრომელი. ხანძრის ჩაქრობას რთული რელიეფი აძნელებს. ხანძარს ებრძვის ასევე შსს-ს სასაზღვრო პოლიციის ერთი ვერტმფრენი, თვითმფრინავი გამოგზავნა ასევე უკრაინამ.
"დახმარების მზადყოფნა გამოთქვა და შსს-ს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენთან ერთად აბასთუმანში ცეცხლის ლოკალიზებაზე იმუშავებს აზერბაიჯანის ვერტმფრენიც, რომელიც უკვე გამოფრინდა საქართველოსკენ. რამდენიმე საათში თურქეთიდან საქართველოში ორი ვერტმფრენი და ერთი თვითმფრინავი ჩამოფრინდება. ორი სახანძრო-სამაშველო ვერტმფრენით საქართველოს ირანის ისლამური რესპუბლიკაც დაეხმარება. დახმარების სურვილი გამოთქვა საფრანგეთმაც, რომელთანაც ქართული მხარე ასევე მართავს კონსულტაციებს", — ნათქვამია განცხადებაში."
ადგილზე მუშაობს საგანგებო შტაბი შს მინისტრის, გიორგი მღებრიშვილის ხელმძღვანელობით. ჟურნალისტების კითხვას, მიმართა თუ არა ქართულმა მხარემ დახმარებისთვის რუსეთს, მინისტრმა უარყოფითად უპასუხა.
ცეცხლის ჩაქრობაში მონაწილეობენ მოხალისეებიც.
"სიტუაცია უფრო რთულია ვიდრე ბორჯომის ტყეში, რადგან აქ უფრო ხშირი წიწვოვანი ტყეა — ძირითადად ფიჭვი და ნაძვი და ძალიან მიუდგომელი ადგილი. სიტუაციას ქარიც ართულებდა. მოხალისეებმა მაშველებთან ერთად გავთხარეთ ტრანშეები, რომ ცეცხლი კურორტისკენ არ წამოსულიყო. ცეცხლის კერიდან აბასთუმნამდე 7-8 კილომეტრია. ამ დილას თქვეს, რომ ხანძრის ზონა გაიზარდა და ზეკარის უღელტეხილზე გადავიდა. ზეკარიდან კი კურორტ საირმემდე 17-18 კილომეტრის. ასევე მთელი ღამე მუშაობდა მძიმე ტექნიკა, რომელსაც გზა გაჰყავს ხანძრის კერისკენ. დილაადრიან ასევე ჩაერთო ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში ორი ვერტმფრენი. იმედი გვაქვს, რომ კიდევ დაემატება სხვა ვერტმფრენები და დღეს მოხერხდება ხანძრის ლიკვიდაცია", — განაცხადა ერთ-ერთმა მოხალისე გოჩა ფეიქრიშვილმა "Sputnik-საქართველოსთან" საუბარში.
ბოლო ინფორმაციით, ცეცხლმა 5 ჰექტარი ტყის მასივი მოიცვა.
საქართველო 2017 წლის ზაფხულში ხანძრების სერიამ მოიცვა. განსაკუთრებით გახშირდა ტყის ხანძრები აგვისტოში. ყველაზე დიდი ხანძარი ბორჯომის ხეობაში მოხდა, რომლის დროსაც 100 ჰექტარზე მეტი ტყის ფართობი დაიწვა.