თბილისი, 30 აგვისტო — Sputnik. ანაკლიის ბულვარზე 1 სექტემბერს მინი-ბიბლიოთეკა, ე. წ. წიგნის ბუდე გაიხსნება, განუცხადეს „Sputnik-საქართველოს" ქვეყნის ეროვნულ ბიბლიოთეკაში.
ახალი მინი-ბიბლიოთეკიდან წიგნის აღება, წაკითხვა და უკან დაბრუნება ნებისმიერ მსურველს შეუძლია. სურვილის შემთხვევაში შესაძლებელია ბიბლიოთეკისთვის წიგნის ჩუქება. ეს აპრობირებული მეთოდია, რომელიც მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში გამოიყენება, აღნიშნეს ეროვნულ ბიბლიოთეკაში.
„წიგნის ბუდის" დიზაინს სიმბოლური დატვირთვა აქვს — ის კარვის ფორმისაა.
ბუდის მსგავსი ფორმის ბიბლიოთეკები განთავსდება ასევე საქართველოს მიერ არაკონტროლირებადი ტერიტორიის მიმდებარე დასახლებებში. მაგალითად, ანაკლია აფხაზეთთან მდებარეობს, ხოლო ნიქოზი და დიცი — ცხინვალის რეგიონთან.
მინი ბიბლიოთეკას ანაკლიაში გახსნიან კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, მოძრაობა „ეკვილიბრიუმი", და ანაკლიის განვითარების კონსორციუმი. „ეკვილიბრიუმმა" უკვე გახსნა მინი-ბიბლიოთეკები საქართველოს სხვადასხვა ქალაქში. ამ დაწესებულებებში გაიმართება დისკუსიები და სხვადასხვა სამოქალაქო ღონისძიება. პროექტის ავტორებს ამ ადგილების თავისებურ კულტურულ-საგანმანათლებლო სივრცედ გარდაქმნა სურთ.